ანიტა რაჭველიშვილის სახელი დიდი ხანია, რაც საქართველოს საზღვრებს გასცდა და მას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ საოპერო მომღერალს მსოფლიო იცნობს. წარმატებული კარიერის პარალელურად, ანიტა სოციალურ ქსელშიც აქტიურია და საკუთარ მოსაზრებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ყოველთვის ღიად გამოთქვამს.
ანიტა რაჭველიშვილმა რჩეულზე, ოთარ მაისურაძეზე 7 წლის წინ იქორწინა და მას შემდეგ ერთად გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქტიურად აქვეყნებს. წყვილის ჰარმნიული ურთიერთობა გამომწერების მხრიდან ყოველთვის დადებით შეფასებასა და უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. ანიტა და ოთარი ცოტა ხნის წინ პირველი შვილის მშობლები გახდნენ. ანიტამ მეუღლესთან შეხვედრისა და მასთან ურთიერთობის შესახებ “სთორიში” ისაუბრა:
“მე შემხვდა ადამიანი, რომელიც დამიდგა გვერდით, შემხვდა ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ადამიანი, რომელიც ყველანაირად თავის თავს გადადებს ბოლომდე და დამიდგება გვერდზე… ძალიან სასაცილოდ გავიცანით ერთმანეთი “ფეისბუქზე”. ძალიან დიდი გულშემატკივარი იყო და ყველაფერი დაიწყო იქედან, რომ მისი მშობლები დიდი მოყვარულები არიან ჩემი მუსიკის, დედამთილი და მამათილი უსაყვარლესი, უთბილესი ადამიანები არიან… უყურებდნენ ჩემს ჩანაწერს, საპატრიარქოზე გადიოდა ხოლმე ჩვენი “კარმენის” ჩანაწერი. დასხდნენ და უყურებდნენ… რაჭველები არიან, მაისურაძეა ჩემი მეუღლე, იძახდნენ თურმე, ჩვენი რაჭველი გოგო, ჩვენი რაჭველი გოგოო, ეზოში იყო ჩემი მეუღლე, პატარა იყო მაშინ, ალბათ 17-18 წლის იქნებოდა…მოდი, მოდი, ოთო, რა განახოთო, სასწრაფოდ მოდი, ჩვენი რაჭველი გოგო უნდა განახოთო, დაჯდა და დაიწყო ყურება…ჩემი დედამთილი ამბობს თურმე, რა ფორთოხალივით გოგოა, ნეტავ ჩემს ოთოს ასეთი ცოლი მისცაო, ამანაც პირდაპირ ის მოიყვანა ცოლად, ვინც ეკრანზე დაინახა…ოთოს მშობელებს და მის პედაგოგს, ავთო რევიშვილს დიდი წვლილი მიუძღვით. ბატონი ავთოსთვის უკითხავს ოთოს, ვინ მოგწონს ქართველ მუსიკოსებს შორისო და მას უთქვამს, ანიტა რაჭველიშვილი არაჩვეულებრივი გოგოაო. ოთო დაინტერესდა და დამამატა “ფეისბუქზე”, იმ პერიოდში მეც ყველას ვამატებდი, ეს იყო 7-8 წლის წინ. დამატების მერე არანაირი კონტაქტი არ ყოფილა…
ჩემი მეუღლე არის ძალიან პირდაპირი ადამიანი და მქონდა პირველი ლაივვიდეო ჩემი ოფიციალური გვერდიდან და რომ დამთავრდა ვიდეო, უცებ მომდის ტექსტი:”მე თქვენ ძალიან მომწონხართ და ძალიან გამიხარდებოდა თქვენი გაცნობა”. მე მივწერე, რომ ოთარ, თქვენ პირად “ფეისბუქზე” გყავართ-მეთქი, აქ ადმინისტრატორიც კითხულობს-მეთქი და პირადი “ფეისბუქიდან” მოგწერთ-მეთქი. არ დაიჯერა, რომ მე ვიყავი, შანსი არაა, არ იქნები ანიტაო, ახლა ადმინისტრატორი მწერსო, რაღაცას მეღადავებითო, კარგად ბრძანდებოდეთო. მე ვწერ, არა ოთო, ნამდვილად მე ვარ, კარგი, თუ შენ ხარო, დაწერე ჩემი სახელი და გადაიღე ფოტოო, გადავუღე ფოტო, ეგ რა არისო? მე მივწერე, შენ როგორ ბედავ და არ მიჯერებ-თქო და არაფერსაც არ გამოგზავნი-თქო და ნუ გამომიგზავნიო…გავიდა და არ შემოვიდა ერთი ორი საათი. რა მექნა, მომწონდა ბიჭი, ავიღე ნაწერი გადავიღე ფოტო, დავიჭირე ხელში და გავუგზავე. ამას მოჰყვა 20 წუთიანი სიჩუმე, თურმე კომპიუტერი დაუვარდა, არის შოკში…მერე მოხდა ისე, რომ ვსაუბროდით 24 საათიან რეჟიმში, ჯერ დაიწყო მესიჯებით და მერე რა თქმა უნდა, ერთი თვის მერე გადავედით ვიდეოზარებზე. მე სამი თვე უნდა ვყოფილიყავი ამსტერდამში, ის ვერ ჩამოვიდოდა და საუბარში გავატარეთ 3 თვე. რომ ჩამოვედი თბილისში, მეორე დღესვე შევხდით ერთმანეთს, მოდი პარლამენტთან შევხდეთო და რომ მივუახლოვდი პარლამენტს, ვიღაცა მოვიდა და თვალებზე ამაფარა ხელები…ბევრი ვისეირნეთ…იმ წუთასვე მივხდი, რომ ის ადამიანი იყო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მე ძალიან თავშეკავებული ადამიანი ვარ. ეს დაინახა და იფიქრა, არ მომეწონა, გაქრა, მიმაცილა სახლში და აღარ დამირეკა, თურმე ისე დარდობს, ფიქრობს არ მომეწონა, ამ დროს მე არ ვრეკავ, ქალი ვარ და მძლია სიამაყემ, ჩემი დაქალებიც იგივეს ამბობენ, თუ მოსწონხარ დაგირეკავს. მეგობარი ჰყავდა, რომელმაც შეამჩნია, რომ რაღაც ვერ იყო, ვეღარ მოითმინა და მოუყვა რა ხდებოდა…შენ შტეროო, ამხელა დონის ვარსკვლავია, რა გეგონაო, რომ კისერზე შეგახტებოდაო, რა თქმა უნდა ღირსეულად მოიქცაო, ახლავე აიღე ტელეფონი და დაურეკეო. დამირეკა და მთხოვა შეხვედრა, მეც დავეთანხმე, ძალიან გამიხარდა, აბანოთუბანში ვნახეთ ერთმანეთი, მთხოვა კანადაში წასვლამდე კიდევ ვნახოთ ერთმანეთიო, შევხდით მეორე დღეს, მაქსიმუმ რაც გავაკეთეთ იყო ხელის ჩაკიდება, დამშვიდობებისას ჩავჯექი მანქანაში და უცებ ჩაიკეტა კარი, ავტომატურად იკერებოდა. მას კიდევ თურმე უნდოდა ეკოცნა და ტყუილად ექაჩებოდა კარებს. თვენახევარი კანადაში ყოფნის დროს სულ ვსაუბრობდით… ძალიან ტბილი და ყურადღებიანი ადამიანია, ყველას უნდა, რომ დაეხმაროს…”