პირდაპირი ფრენების დაგეგმვიდან 1 თვეში დიდ ტურისტულ ჯგუფებს ვერ მოიზიდავ, თუმცა ჩემი გათვლით, წელს ევროპელი ტურისტების მიმართულებით ზრდა იქნება და ყველაზე დიდ და ხელშესახებ ეფექტს ეს ოქტომბერ-ნოემბრიდან მოგვცემს, როდესაც ევროპელები 2026 წლის სეზონისთვის ჯავშნების გაკეთებას დაიწყებენ, – ამის შესახებ HSC Group Hospitality-ის დირექტორმა გიორგი დოლიძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში განაცხადა.
მისივე შეფასებით, ევროპელ ტურისტებს წინასწარი რეზერვაციების გაკეთება და გაწერილი გრაფიკები უყვართ.
“წლიდან წლამდე დატვირთულობა იზრდება და დატვირთულობასთან ერთად ჩვენ ვცდილობთ, რომ ფასი გავზარდოთ. აქამდე, ვიცით, რომ საქართველოსთვის ძირითად ტურისტულ მასას ქმნიდა და ქმნის სპარსეთის ყურის ქვეყნები და ისრაელი, რომელსაც დაემატა ჩინეთი და ინდოეთი. ამ ქვეყნების ტურისტული კომპანიები და თავად ტურისტები, მიჩვეული არიან დაბალ ფასებს. ანუ ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი, როდესაც ახალი ბაზარი იხსნება რატომღაც დაბალი ფასია, რომ ამით მოვიზიდოთ. შემდეგ ამ დაბალი ფასის აწევა წლიდან წლამდე ძალიან რთულია, ამიტომ ევროპაზეა გახსნილი დიდი შესაძლებლობები.ძალიან ბევრი კომპანიის პირდაპირი ფრენაა, რომელიც უფრო თამამს გხდის, რომ წახვიდე და დაელაპარაკო რომელიმე ქვეყნის ტურისტულ კომპანიებს და უთხრა, რომ შენი ქვეყნიდან შექმენი ტურ-პაკეტი და პირდაპირი ფრენით, ყველანაირი დისკომფორტის გარეშე საქართველო შენთვის გახდა ძალიან მარტივი ქვეყანა, ხელმისაწვდომი ფასით – ევროპელები ფასებზე იმდენად არ ვაჭრობენ, რამდენადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. საქართველოში ევროპელი ტურისტების რაოდენობა მზარდია”, – აცხადებს გიორგი დოლიძე.
წყარო: ბიზნესპარტნიორი
