„ჩემი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, მინიმუმ უხერხულია რასიზმსა ან სექსიზმში ჩემი დადანაშაულება“ – მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ ზოგმა არასწორად გაიგო 20 ნოემბერს გამართულ სასამართლო მის მიერ გაკეთებული განცხადება, როცა ხელოვნური განაყოფიერების კონტექსტში თქვა, რომ „ქართველმა ქალებმა მუცლით უნდა ატარონ თავისი და არა ამერიკელის, ავსტრიელის თუ ბანგლადეშელის შვილები“.
როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, რასიზმსა თუ სექსისტურ დამოკიდებულებაში მისი დადანაშაულება უხერხულია.
„ვიღაცებს სწყენიათ, თუ რატომ ვახსენე სხვადასხვა ეროვნება, როდესაც ქართველებისთვის ხელოვნური განაყოფიერების ფინანსურ დახმარებაზე ვსაუბრობდი. ჩემი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, მინიმუმ უხერხულია ჩემი დადანაშაულება სხვა ერების მიმართ რასიზმში ან სექსიზმში, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება შობადობას.ფაქტი ფაქტად რჩება, ხელოვნური განაყოფიერების პროცედურა რამდენიმე ათას დოლარამდე ჯდება, რაც ქართველთა 90%-ს უბრალოდ არ აქვს. დიახ, ჩვენ გვინდა გვყავდეს მეტი ქართველი, საქართველოს მეტი მოქალაქე და დიახ, ამას ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი, მათ შორის IN VITRO პროცედურის სუბსიდირებით“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.