„ადამიანმა თუ საგზაო მოძრაობის წესები არ იცის და ის ხვდება საჭესთან, არის სწორედ პოტენციური მკვლელი“ – როგორც „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის“ პრეზიდენტმა, დავით მესხიშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა, ხშირი ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზი კომპლექსურია.
პრობლემებს რამდენიმე ეტაპად დავყოფდი:
· ქულათა სისტემა არასრულყოფილია: მთავარ დარღვევაზე – სიჩქარის გადაჭარბებაზე ქულათა სისტემა არ მოქმედებს;
· შავი წერტილები – უნდა წერდნენ დასკვნას ექსპერტები და მარტო წერა არ არის საკმარისი, უნდა იყოს აღსრულებაც;
· ჩვენი მართვის მოწმობა არ არის აღიარებული ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრობლემაც გადასახედია;
· გვაქვს ე.წ. ავტოსკოლების პრობლემაც, სადაც დიდი ნაწილი თაღლითური გზით ამზადებს მართვის მოწმობის მაძიებელს, რომელიც არაკანონიერი გზით იღებს მართვის მოწმობას და გზაზე არის პოტენციური მკვლელი. ადამიანმა, თუ საგზაო მოძრაობის წესები არ იცის და ის ხვდება საჭესთან არის სწორედ პოტენციური მკვლელი“- აღნიშნა მან.
დავით მესხიშვილმა განაცხადა, რომ დედაქალაქში ინფრასტრუქტურა იმ დონეზე არ არის განვითარებული, რომ ავარიას მსხვერპლი არ მოჰყვეს.
„დადებითია ის, რომ დედაქალაქში პრობლემური მონაკვეთები გარკვეულწილად წესრიგდება, მაგრამ ინფრასტრუქტურა ჯერ იმ დონემდე არ არის, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადამიანი არ იღუპებოდეს. ძალიან რთულია მხოლოდ ჯარიმების მოგვარებით სიჩქარის პრობლემის მოგვარება. ჩემი აზრით, გადასახედია საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით ადმინისტრირება, ადმინისტრაციული სანქციების და.ა.შ.“ – განაცხადა მან.
მესხიშვილის თქმით, გამოსავალი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაშია.
„გამოსავალია ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში – როცა ავტომობილი არ მოწმდება, ტექნიკურად გამართულია თუ არა, უნდა დაინერგოს პროგრამული უზრუნველყოფის გზით ადმინისტრირება, სადაც ჩანს ავტომობილის ისტორია. აღარ იქნება საჭირო ჭკვიან კამერებზე დამოკიდებულება მთელი რიგი დარღვევების შემთხვევაში“, – განაცხადა მესხიშვილმა გადაცემა „საქმეში“.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი
