ჩემი ადმინისტრაციული “ტროტუარის” საქმე მოსამართლემ შეწყვიტა – გიორგი წულაია – Netgazeti • Netgazeti.ge

პროევროპული აქციების ერთ-ერთი მონაწილე გიორგი წულაია აცხადებს, რომ მის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული საქმე, რომელიც შეეხებოდა ტროტუარზე გამართულ აქციაში მონაწილეობას, მოსამართლემ შეწყვიტა.
“ჩემი ადმინისტრაციული საქმე მოსამართლემ შეწყვიტა იმის გამო რომ,ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეიცავს სისხლის სამარათლის ნიშნებსო. ამის გამო შეწყდა საქმის წარმოება და შემდგომი რეაგირებისთვის გადასცეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტს. ბრძოლა ბოლომდე!”, – წერს გიორგი წულაია 9 იანვარს.
საუბარია ადმინისტრაციულ დევნაზე იმ ახალი რეპრესიული კანონით, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე მომიტინგეს 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრებათ. ამ საქმეების განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის დეკემბრის მიწურულს გადადო და წელს უნდა გაიმართოს.
2025 წლის 12 დეკემბერს ამოქმედდა ცვლილებები, რომლითაც დასჯადი გახადა ტროტუარზე პროტესტიც – „გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას“ დაემატა „ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვაც“. ამ წესის წესის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა, განმეორების შემთხვევაში კი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა 1 წლამდე.
სწორედ 12 დეკემბრის შემდეგ, 2025 წლის 17 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, ტროტუარზე გამართულ აქციაში მონაწილეობის გამო დაიწყო ადმინისტრაციული სამართალწარმოება 20-ზე მეტი პირის მიმართ. მათ შორისაა გიორგი წულაია.
ჯერჯერობით უცნობია, რა იგულისხმება “სისხლის სამარათლის ნიშნებში” წულაიას საქმეზე და დაიწყება თუ არა მისი სისხლის სამართლებრივი დევნა.