ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის პოზიცია – ლევან ბერძენიშვილი

„ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის პოზიცია, შესაბამისად, ვტოვებ ამ დაწესებულებას და უსაყვარლეს სტუდენტებს“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მწერალმა და ფილოლოგმა ლევან ბერძენიშვილმა დაწერა.
კავკასიის უნივერსიტეტი კიდევ ორმა ლექტორმა: ნინო რობაქიძემ და დათო ქაშიაშვილმა დატოვა. ლექტორების პროტესტის მიზეზი კავკასიის უნივერსიტეტის რექტორის, კახა შენგელიას მიერ კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანის სოსო ბერიკაშვილის უნივერსიტეტიდან გაშვება გახდა.
სოსო ბერიკაშვილმა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია დღეს სოციალურ ქსელში გაავრცელა. ის წერს, რომ 29 აპრილს დილით, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ დაიბარა და უთხრა, რომ სუს-მა მისი სამსახურიდან გაშვება მოსთხოვა.
„29 აპრილს დილით, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ დამიბარა და მითხრა, რომ სუს-მა მოსთხოვა ჩემი გაშვება სამსახურიდან, რადგან “ბიძინას ვაგინებდი” (ეს ტყუილია, არ მიგინებია, უბრალოდ მკაცრად გავაკრიტიკე “ოფშორების კანონის” გამო, თუმცა მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა).როგორც ჩანს, ჩემი გაგდება საჩქარო იყო, 7 მაისს გამოიცა ბრძანება და გამიშვეს სამსახურიდან რეორგანიზაციის საბაბით (პოლიტიკური დევნა ჯერ არ იწერება ბრძანებებში).თუ ამ ხელისუფლებას ეს უმსგავსობა გაუვიდა, რეპრესიები მომავალში საყოველთაო გახდება და შეეხება ყველას.P.S.ბევრ წერილს ვიღებ სტუდენტებისგან, ითხოვენ მხარდაჭერას და პოზიციის დაფიქსირებას. მეგობრებო, როგორც აქამდე, რა თქმა უნდა, თქვენ გვერდით ვდგავარ ყველა სამართლიან პროტესტში.“ – წერია განცხადებაში.
ბერიკაშვილის განცხადებას კახა შენგელია „რადიო თავისუფლებასთან“ გამოეხმაურა. რექტორი აცხადებს, რომ „სოსო ბერიკაშვილი არის არაკაცი და ამ სიტუაციას იყენებს მისი პოლიტიკური კარიერისთვის“.