,,ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, (ევროკავშირის ელჩს) რა თქმა უნდა, გავაძევებდი“ – კალაძე

თბილისის მერი საქართველოში ევროკავშირის ელჩის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა:
“ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რასაც მაგალითად, ევროკავშირის ელჩისგან ვისმენთ; რასაც ვისმენდით ს პროცესში. არ ვიცი, როდის გააკეთა მსგავსი განცხადება და თუ მართლა გააკეთა, ქვეყნიდან გასაგდებია. ესეც, რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რასაც საქართველოსთან მიმართებაში ვხედავთ. პიროვნულად მე მასთან საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ნორმალური ადამიანია, მაგრამ ევროკავშირის ელჩი თავის სტატუსს იყენებს და მავნებლობს. ცხადია, ის ასრულებს დავალებას – რასაც ეუბნებიან, იმას აჟღერებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
კითხვაზე – ხომ არ დადგება საქართველოდან ევროკავშირის ელჩის გაწვევის საკითხი, თბილისის მერი პასუხობს:
“ეს ჩემი დამოკიდებულება და ხედვაა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, რა თქმა უნდა, გავაძევებდი, რადგან პირველ რიგში, პატივი უნდა სცენ ქართულ სახელმწიფოებრიობას. ევროკავშირის, ნებისმიერი ქვეყნის ელჩს არანაირი უფლება არ აქვს, ჩაერიოს ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში, ხელი შეუწყოს საზოგადოების დაპირისპირებას, პოლარიზაციას. მე ელჩთან, როგორც ადამიანთან რაიმე საპირისპირო კი არ მაქვს? მას აქვს სტატუსი, ის არის ევროკავშირის წარმომადგენელი და ოფიციალური პირი ქვეყანაში. კეთილი უნდა ინებოს და თავი შეიკავოს მსგავსი ტიპის განცხადებებისგან, რომლებიც გაჯერებულია ტყუილით, სიცრუით, ახალისებს ექსტრემიზმს, ბოროტებას და ყველაფერ უბედურებას, რაც ქვეყანაში ხდება”, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე განმარტებით, ხელისუფლების ცვლილება ქვეყანაში დაპირისპირებისა და სახელმწიფო გადატრიალების ხარჯზე ვერ მოხდება, რადგან ამისთვის არსებობს ცივილური გზა – არჩევნები.
“თუ ვინმეს ხელისუფლების ცვლილება უნდა, ეს გადატრიალების და რევოლუციების გზით არ და ვერ იქნება. არსებობს არჩევნები, ცივილიზებული ფორმა, როდესაც უნდა მიხვიდე, დააფიქსირო შენი აზრი, თუ ვინ გინდა და არჩევნების გზით მოხდეს ხელისუფლების გადაბარება. ევროკავშირის ბიუროკრატიას არ მოეწონა ის შედეგები, რომელიც დადგა 26 ოქტომბერს. ისინი დამარცხდნენ და ყველა გზას, მეთოდს იყენებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში მოახდინონ სახელმწიფო გადატრიალება, დაპირისპირება, პოლარიზაცია და ა.შ. რა უბედურებაც ხდება ქვეყანაში, ყველაფერი მოდის დასავლური ბიუროკრატიიდან, მათი დაფინანსებით, მხარდაჭერით, მათი ფინანსური შესაძლებლობებით”.
შეგახსენებთ, 18 ივლისს, ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნების და მიმდინარე კრიზისის მოგვარების ერთადერთი გზა, “რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება და ღია დიალოგის უზრუნველყოფა არის”.