2025 წლის პირველ მატჩში, “შავი ლომი” ჩელენჯ თასის მესამე რაუნდში ტოპ 14-ის “ავირონ ბაიონას” უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ფლეი ოფს მიუახლოვდება. შეხვედრა 11 იანვარს, 19:15 საათზე “მიხეილ მესხზე” დაიწყება.
ორი თამაშის შემდეგ ქართულ გუნდს 4 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა. 4-4 ქულა აქვთ ინგლისურ “გლოსთერს” და “ბაიონას”, რომლებიც მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფენ, შოტლანდიური “ედინბურგი”, ფრანგული “ვანი” და უელსური “სქარლეთსი” კი 6-6 ქულით ლიდერობენ. შეგახსენებთ, ჯგუფურ ეტაპზე ოთხი ტური იმართება და ფლეი ოფში 4-4 მოწინავე გადის.
საფრანგეთის სამგზის ჩემპიონი
“ბაიონა” ამავე დასახელების
ბასკურ ქალაქში 1904 წელს დაარსდა და პირველ წლებში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. გუნდი საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში პირველად 1913 წელს გავიდა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, 1934 და 1943 წლებში კი ეს მიღწევა გაიმეორა.
გუნდი ჩემპიონის ტიტულის მოპოვებასთან ახლოს კიდევ 4-ჯერ იყო, მაგრამ 1922, 1923, 1944 და 1982 წლებში ფინალში დამარცხდა. სამაგიეროდ “ბაიონა” წარმატებით თამაშობდა პრო დე2-ში და ორჯერ გამარჯვებული გახდა – 2019 და 2022 წლებში.
წელს “ბაიონა” ტოპ 14-ში წარმატებულ სეზონს ატარებს, 14-იდან 9 თამაში მოიგო და 38 ქულით მე-4 ადგილზეა. ჩელენჯ თასზე მან პირველ ტურში “სქარლეთსი” დაამარცხა (17:16), მეორეში კი “ედინბურგთან” თავად დამარცხდა (12:52).
სხვადასხვა პერიოდში “ბაიონას” შემადგენლობაში არაერთ “ბორჯღალოსანს” უთამაშია. ესენი არიან გელა აფრასიძე, ლადო ჩაჩანიძე, გიორგი ჟღენტი, დავით ხინჩაგიშვილი, ავთო კოპალიანი, კოტე მიქაუტაძე, ლუკა ჭელიძე იოანე იაშაღაშვილი. “ბაიონას” ესპუართა გუნდში ამჟამად თამაშობენ და არაა გამორიცხული თბილისშიც ვიხილოთ ნიკა ლომიძე, ლაშა ციხისთავი და ბადრი ციხისთავი.
გუნდის შემადგენლობაში რამდენიმე მსოფლიო დონის ვარსკვლავი თამაშობს. ესენი არიან: მანუ ტუილანგი (ინგლისის ნაკრებში 60 კეპი), რის ჰოჯი (ავსტრალიის ნაკრებში 63 კეპი), კამილ ლოპესი (საფრანგეთის ნაკრებში 28 კეპი), მაქსიმ მაშნო (საფრანგეთის ნაკრებში 38 კეპი), სირენი მანგალა (ფიჯის 7-კაცასთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონი).
Rugby.ge