ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე, მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მოწყობის სამუშაოებზე მერიამ მორიგი ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ამჯერად 9 მილიონ 608 515 ლარია.
ტენდერით გათვალისწინებული პირობების მიხედვით წინადებების მიღება 2025 წლის 7 დეკემბერს დაიწყება და ხუთ დღეში, 12 დეკემბერს დასრულდება.
მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრისა და იპოდრომის მოწყობა ბათუმში იქცა გამოწვევად, რომელსაც ბათუმის მერიამ წლების განმავლობაში თავი ვერ მოაბა. მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი თავშესაფრის მოწყობაზე 2023 წელს ორჯერ ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა უშედეგოდ.
ცხოველთა მოყვარულებმა, დამცველებმა და კინოლოგებმა სხვადასხვა დროს ბათუმში არაერთი აქცია გამართეს. მათ მიუსაფარი/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამაც გააპროტესტეს, რომელიც, მათივე თქმით, დაუგეგმავად დაიწყო და გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ამბობობდნენ, რომ საპილოტე პროგრამის ამოქმედების შემდეგ „ბათუმში ასობით ძაღლი გაქრა და მათ ვერსად მიაგნეს“.
ამ პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 4,8 მილიონი ლარი იხარჯება. პროგრამას სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს სამ რეგიონში, მათ შორის აჭარაში.
ცხოველთა დამცველების აქცია ბათუმის ბულვარში / 23.08.2025
მერია განმარტავს, რომ საპროექტო დოკუმენტაცია გარდა ტექნიკური დავალებისა დამუშავებულია ამერიკის ვეტერინართა ასოციაციის გაიდლაინების მიხედვით და ინტერნეტში მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე.
პროექტის მიხედვით მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსი წარმოდგენილია ვოლიერების ორი ბლოკის სახით. ყოველ ბლოკში განთავსებულია 90 ერთეული ვოლიერი, სულ ორივე ბლოკში 180 დამოუკიდებელი ვოლიერია. თითოეული ვოლიერი გეგმაში მართკუთხა ტრაპეციის ფორმისაა, ზომით საშუალოდ 3,9X2,9 მ-ზე. ვოლიერები გაყოფილია ერთმანეთისგან 2,44 მ სიმაღლის ლითონის გისოსებით.
ესკიზი
პერიმტრის მხარეს მოქცეული კედლები ყრუა, ვოლიერების ერთმანეთში გამყოფი და დერეფნის მხარეს გამომავალი ტიხრების ქვედა ნახევარი ასევე ყრუა. ვოლიერი
გადახურულია ე.წ. „სენდვიჩპანელებით“.
ყველა ვოლიერი უზრუნველყოფილია წყალმომარაგებისა და სადრენაჟო სისტემით. ვოლიერები განლაგდა ნაგებობის პერიმეტრზე ორ რიგად, შუაში გამყოფი დერეფნით.
ნაგებობის შუაგულში განთვსებულია ძაღლების გასასეირნებელი შიდა ეზო, ის დაყოფილია ექვს სეგმენტად და ყოველ სეგმენტს გააჩნია დამოუკიდებელი შესასვლელი დერეფნიდან, რაც იძლევა ძაღლების სხვადასხვა [წონის/ასაკის მიხედვით] ჯგუფებად გასეირნების ორგანიზების საშუალებას.
მონიშნულია თავშესაფრის მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორია
შესყიდვის პირობების მიხედვით ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს [შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს] 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში, შესრულებული უნდა ჰქონდეს შენობა-ნაგებობის მშენებლობის სამუშაოები, საერთო ღირებულებით არანაკლებ 10 მილიონი ლარის ოდენობით.
ასევე, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2021 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს შენობა-ნაგებობის მშენებლობის სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 3 მილიონი ლარის ოდენობით.
გამოცდილებაში ჩაითვლება მხოლოდ დასრულებული სამუშაოები, რაზედაც გაფორმებულია საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში განხორციელებულია სამუშაოები, როგორც ქვეკონტრაქტორის მიერ, განხორციელებული სამუშაოები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება გამოცდილებად, თუ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია ძირითად კონტრაქტორებს შორისაც, ამასთან, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული აქტი, თუ იგი არ არის განთავსებული შესაბამისი შესყიდვის გვერდზე.




