მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი, მიხეილ ჭელიძე მიიჩნევს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგი უნდა მივიღოთ და ახალი არჩევნების საკითხი დღის წესრიგში არ უნდა იყოს.
მიხეილ ჭელიძემ freebusiness.ge-ს მოთხოვნები, რომელიც ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ეხება, “ანალიტიკას” ეთერში შეაფასა.
“პოლიტპატიმრების ნაწილში, თუ ისინი მართლა პოლიტპატიმრები არიან, სრულიად ვეთანხმები, არ უნდა იყოს ძალის გადამეტება და სამართლიანობა უნდა იყოს დაცული. რაც შეეხება ახალ არჩევნებს, არ ვთვლი, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში უნდა იყოს. ჩატარდა არჩევნები, ასე თუ ისე, რაცაა შედეგი, ეს შედეგი უნდა მიიღოს ქვეყანამ, მე ასე მგონია. ბევრი ბიზნესია, რომელიც ამბობს, რომ ასე არ უნდა მოხდეს. არც ისე უნდა მოხდეს, რომ 2500 ბიზნესი იყოს განყენებულად, ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ არც ისე უნდა იყოს, რომ ვინც ამ სიაში არ ჩაერთო დაკნინდეს.
ბიზნესს უნდა სიმშვიდე, პროგნოზირებადი გარემო. ყოველ წელს ასე იყო არჩევნებზე, ყოველთვის ბიზნეს რეგისტრაციები მცირდება, ეკონომიკაც გარკვეულწილად იზღუდება. პირველ სამ კვარტალში, რისი სტატისტიკაც გვაქვს, ძალიან ბევრი მიმართულებით მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებში ზრდა არის. ბოლო პერიოდი ძალიან შეიზღუდა ჰორეკა ბიზნესი, ძალიან დაარტყა, რადგან ტურიზმი ზამთარში ისედაც შემცირებულია და საერთოდ მოკვდა შეგვიძლია ვთქვათ, რაც ბიზნესისთვის ძნელია. მაგალითად რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე, შარდენის ქუჩაზე რესტორნებს და კაფეებს ძალიან დაარტყა. აღარ აქვთ მუშაობა, თვეში შეიძლება 1000 ლარი იყოს ბრუნვა. ეს ყველაფერი ზოგადად ქვეყნის პასუხისმგებლობაა. ის მოქალაქეები, რომლებიც აპროტესტებენ და დააფრთხეს ტურიზმი, ჩვენი მოქალაქეები არიან”,- ამბობს მიხეილ ჭელიძე და აღნიშნავს, რომ 1000 ბიზნესის პოზიციას აჟღერებს.
