პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ დანიის ელჩმა, სავარაუდოდ, ვერ შეძლო საკუთარი აზრის ისე კომპეტენტურად წარმოსახვა, რომ მას სხვადასხვა კონტექსტი და განმარტება არ ჰქონოდა.
შეგახსენებთ, დანიის ელჩმა მედიაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქი უწოდა და დაწერა, რომ მან ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა. მოგვიანებით ის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. განმარტება გაავრცელა დანიის საელჩომაც და აღნიშნა, რომ დანიური სტატიიდან ამოღებული ამონარიდი, კონტექსტის გარეშე გამოიყენება ქართულ დებატებში.
“ჩვენ ვნახეთ გუშინ დანიის საელჩოს განცხადება, რომელმაც, როგორც ჩანს, მთელი ეს გარემოება დააბრალა, ახსნა ელჩის არაკომპეტენტურობით, იმით, რომ მან ვერ მოახდინა ფორმულირება საკუთარი აზრის ისე, რომ სწორად გაგებულიყო. თუ ეს არაკომპეტენტურობა არის, რომ კონტექსტებში ვერ სვამს ელჩი საკუთარ სტატიებს, ჩავთვალოთ, რომ ეს არის არაკომპეტენტურობა. სამწუხარო და დასანანია, რომ დიპლომატების არაკომპეტენტურობა, საბოლოო ჯამში, იწვევს ხოლმე წარმოდგენილი ქვეყნის იმიჯის შელახვას ქართული საზოგადოების თვალში. რაც შეეხება ჩემს განცხადებას ელჩის არაკომპეტენტურობასთან დაკავშირებით, იმედი მაქვს, დანიის საელჩო ამ ჩემს განცხადებასაც შესაბამისი კონტექსტით გაიგებს. დანიის საელჩომ თქვა, რომ მისი ოპედი არ იქნა გაგებული სწორად, კონტექსტიდან ამოგლეჯილად, შესაბამიას, ელჩმა ვერ შეძლო სავარაუდოდ საკუთარი აზრის ისე კომპეტენტურად წარმოსახვა, რომ მას სხვადასხვა კონტექსტი ან განმარტება არ ჰქონოდა. როდესაც განცხადება არის, რომ კონტექსტის არასწორად გაგება მოხდა, ჩანს, რომ ელჩი არ იყო საკმარისად კომპეტენტური, საკუთარი აზრი ისე ჩამოეყალიბებინა, რომ არ მომხდარიყო მისი სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია”, – თქვა პაპუაშვილმა.