ჩანთები, საწვიმრები, ქუდები – რა ღირს პლასტიკის ნარჩენებისგან დამზადებული პროდუქცია

გარემოს ნარჩენებით დაბინძურება თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი გამოწვევაა, გამონაკლისი არც საქართველოა, ბოლო პერიოდში გარემოს დაბინძურების პარალელურად აქტიურად მიდის საუბარი და მუშაობა ცირკულარულ ეკონომიკაზე და პლასტიკის ნარჩენების კვლავ წარმოებაში ჩაშვებაზე. ერთ-ერთი ასეთი მეწარმე ეკა ასათიანია, რომელიც პლასტიკური ნარჩენებისგან თუ სარეკლამო ბანერებისგან ისეთ აქსესუარებს ქმნის როგორებიცაა, საწვიმრები, ჩანთები, სათამაშოები, ყვავილები და სხვა. მის გაყიდვას კი პლატფორმა plasticwatcher- ის მეშვეობით ცდილობს. როგორია პლასტიკის ნარჩენებისგან შექმნილი ნივთების მიმართ დაინტერესება და რა ღირს ისინი თემაზე „კომერსანტთან“ plasticwatcher-ის დამფუძნებელმა ეკა ასათიანმა ისაუბრა.
მისი თქმით plasticwatcher-ის შექმნას საფუძვლად უდევს ის პროტესტი, რომელიც იმ ადამიანების მიმართ გააჩნია, რომლებიც დაუნდობლად ექცევიან გარემოს და ანადგურებენ მას.
„ადამიანის გარემოზე ნეგატიურმა ზემოქმედებამ მაიძულა, რომ დავფიქრებულიყავი იმაზე თუ რა ფორმით შემეძლო ამ გამოწვევაზე საუბარი, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში არ არსებობს ნარჩენების სეპარირების და გადამუშავების არანაირი ინფრასტრუქტურა და ამ მიმართულებით არც სახელმწიფო პოლიტიკა, სწორედ ამიტომ დავიწყე plasticwatcher- ის კეთება. მინდოდა რომ წარმოებაში მომეხმარა ისეთი ნარჩენები, რომლებიც არ იხრწნება და ადამიანები ასე დაუზოგავად მოიხმარენ.
ვაგროვებთ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებისგან დარჩენილი პლასტიკებს, მაგალითად წიწიბურის, მაკარონის, ყავის და სხვა პროდუქტების შესაფუთ მასალებს, ძველ ბანერებს, ამ ნარჩენებისგან ვამზადებთ ე.წ. ნაჭერს და შემდეგ ვქმნით ჩანთებს, ყვავილებს, სათამაშოებს, საწვიმრებს და სხვა პროდუქციას.“ – აღნიშნა ეკა ასათიანმა.
ეკა ასათიანი ასევე აღნიშნავს, რომ „როდესაც ქვეყანაში მუდმივად რეგრესია და ადამიანების კატეგორიას პურის ფულიც კი არ აქვს, რთულია მაღალ იდეებზე და გარემოზე ესაუბრო“. მისივე თქმით საქართველოში მსგავს პროექტებში ჩართულობის სურვილი არის, თუმცა ამ მხრივ ინტერესი გაცილებით დიდია ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
„ამ მიმართულებით ხალხის დაინტერესება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ როდესაც ქვეყანაში არაფერი არ ხდება, არის რეგრესი და გაჭირვება, ადამიანებს როდესაც შიათ და პურის ფული არ აქვთ მაღალ იდეებზე ვერ დაელაპარაკები. მაგრამ ადამიანების ემოციური ჩართულობით, სიმპათიების გამოხატვით მე ძალიან სავსე და ბედნიერი ვარ, ძალიან მიხარია, რომ გვიგროვებენ ნარჩენებს და გვითმობენ დროს. ჩვენ გვყავს დონორი ოჯახები, რომლებიც ასუფთავებენ და აგროვებენ ჩვენთვის ამ ყველაფერს. ასევე ბიზნეს ორგანიზაციებიც გვეხმარებიან, გვიგროვებენ ბანერებს, ასევე თავიანთ სივრცეებში ფენენ ჩვენ ნამუშევრებს, რომ გაყიდონ, ასეთი თანამშრომლობის სურვილი საქართველოში საკმაოდ დიდია, თუმცა გაცილებით მეტია ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მსგავსი ნაბიჯები ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ – აღნიშნა ეკა ასათიანმა.
ეკა ასათიანი ასევე აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებას პოპულარიზაცია სჭირდება, თუმცა გაყიდვები მაინც აქვს, რაც შეეხება ფასებს, პლატფორმა plasticwatcher.ge-ის მონაცემებით, პროდუქციის ფასი საშუალოდ 50 ლარიდან 300 ლარამდე მერყეობს. როგორც ეკა ასათიანი აღნიშნავს, ეს ფასი მაღალი არ არის, რადგან პროდუქცია არის ხელნაკეთი, დიზაინები არ მეორდება, ყველა ნივთი უნიკალურია და დიდი შრომაა ჩადებული.
„ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ პროდუქტი არის ხელნაკეთი, უნიკალური და ერთადერთი ნიმუში, შესაბამისად ეს არ არის გამდიდრებაზე ორიენტირებული ბიზნესი, შეიძლება ადამიანმა აკეთოს, საქმე, რომელიც საზოგადოების განვითარებას მოემსახურება.
მთელი ჩემი განათლება, გამოცდილება, ფინანსური დანაზოგი და ინტელექტუალური საკუთრება ჩავდე ამაში, როდესაც ამ საქმეს ვიწყებდი იყო ადამიანების ნაწილი, რომელიც ზემოდან მიყურებდა და იცინოდა ამ ყველაფერზე, თუმცა არიან ადამიანები, რომლებმაც უდიდესი სტიმული მომცეს. გვაქვს ასევე სახელოსნო, რომელიც სხვადასხვა გრანტებით და ჯილდოებით შევქმენით და იქ ხდება ამ ყველაფრის ხორცის შესხმა და გაცოცხლება“ – აღნიშნა ეკა ასათიანმა.