„ჩამოხსენი ნიღაბი თამბაქოს ინდუსტრიას“ – ახალგაზრდების გზავნილი ხელისუფლებას თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის დღეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის და ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით სპეციალური ღონისძიება გაიმართა, რომელიც „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ დღეს მიეძღვნა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების მთავარი გზავნილი იყო თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლა ახალგაზრდების ჩართულობით, რადგან მათი თქმით, „სწორედ საზოგადოების ეს სეგმენტია თამბაქოს ინდუსტრიის მარკეტინგის მთავარი სამიზნე, როგორც ბაზარზე მომხმარებელთა უწყვეტად არსებობის გარანტია“.
„ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, რომელშიც საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და თამბაქოს კონტროლის სფეროს ექსპერტები მონაწილეობდნენ. განიხილეს თამბაქოს კონტროლის მნიშვნელობისა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები, რატომ არის საშური და როგორ უნდა ამაღლდეს საზოგადოებრივი ცნობიერება.
ღონისძიების დასასრულს გაიმართა სტუდენტური ვიდეო კონკურსი, სადაც შემოქმედებითად და ორიგინალურად წარმოაჩინეს თამბაქოს ინდუსტრიისა და თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის მოხმარების წინააღმდეგ მიმართული „მესიჯები“. კონკურსის მიზანიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრიორიტეტული საკითხების გადაჭრაში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა იყო. კონკურსის ბოლოს გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვეს.
31 მაისი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებული საერთაშორისო დღეა, როდესაც აღნიშნული ორგანიზაცია ყველა ქვეყანას მოუწოდებს თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული პრობლემების შემცირებაში წვლილი შეიტანონ. ასევე მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთონ მოწევის დაწყების პრევენციისა და მოწევაზე თავის დანებების მცდელობის მსურველთა დასახმარებლად. ყოველწლიურად ჯანმო ამ დღესთან დაკავშირებით ახმოვანებს წლის სამოქმედო სლოგანს. ამჯერად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოგვიწოდებს, ჩამოვხსნათ ნიღაბი თამბაქოს ინდუსტრიას, რომელიც ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი თამბაქოს პროდუქტების, ელექტრონული სიგარეტისა (“ვეიპების”) და გასახურებელი თამბაქოს აგრესიული რეკლამირებით ცდილობს მოზარდებისა და ახალგაზრდების დაინტერესებას. თამბაქოს ინდუსტრია, მისთვის მახასიათებელი, მზაკვრული მარკეტინგული ხრიკებით აღნიშნულ პროდუქტებს ნაკლები ზიანის შემცველად აცხადებს და მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში ცდილობს უხეშად შეუშალოს ხელი თამბაქოს და ახალი არანაკლებ ზიანის შემცველი პროდუქტების მოხმარების საწინააღმდეგო ღონისძიებებს, ასუსტებს კანონმდებლობას და ზოგადად აფერხებს ქვეყნის სოციალურ ეკონომიკურ განვითარებას, რადგან სახელმწიფოს ბიუჯეტში თამბაქოს ინდუსტრიის მიერ შეტანილ თანხებზე 3-ჯერ მეტი ეხარჯება თამბაქოს პროდუქტების მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებებით დაზარალებული მოქალაქეების სამკურნალოდ.
საქართველოს ახალგაზრდები მიმართავენ მთავრობასა და პარლამენტს მიიღონ გადამჭრელი ზომები: 1. აიკრძალოს ერთჯერადი ელ. სიგარეტები („ვეიპები“); 2. უნიკოტინო ელ. სიგარეტები და მცენარეული მოსაწევი პროდუქტები შევიდეს თამბაქოსთან დაკავშირებული პროდუქტების ჩამონათვალში და მათზე გავრცელდეს იგივე რეგულაციები, რაც თამბაქოს ნაწარმზეა; 3. აიკრძალოს ყველა სახის დანამატი და არომატიზატორი თამბაქოს და მასთან დაკავშირებულ ყველა პროდუქტში; 4. თამბაქოსა და მასთან დაკავშირებული პროდუქტების მიყიდვის ასაკი 18 წლიდან გაიზარდოს 21 წლამდე და შეძენის დროს სავალდებულო გახდეს პირადობის მოწმობის წარდგენა. 5. მხოლოდ სპეციალიზებული მაღაზიებიდან უნდა ხდებოდეს თამბაქოსა და მასთან დაკავშირებული პროდუქტების რეალიზაცია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.