ეუთოს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს მიმართავს, რომ ეპატიჟება ფინეთში, რათა შეხვდეს თავისუფალი მედიის წარმომადგენლებს და იმ აქციას დააკვირდეს, რომელიც თავად ესიამოვნება.
ეუთოს თავმჯდომარე ამის შესახებ X-ზე წერს. ელინა ვალტონენის მიმართვას წინ უძღოდა საქართველოში მისი ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც შეხვდა „ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებს, იმყოფებოდა რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე, საოკუპაციო ხაზთან, გააუქმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა განრიგში ცვლილებების გამო და საქართველოდან აზერბაიჯანში წავიდა ვიზიტით.
მის განცხადებებს, დემონსტრანტებთან ვიზიტის შემდეგ, „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების შეურაცხმყოფელი განცხადებები მოჰყვა. მათ შორის, თავად ირაკლი კობახიძის, რომელმაც განაცხადა, რომ ეუთოს თავმჯდომარე რუსთაველზე მყოფ „50 აკაცუკთან“, „კანონსაწინააღმდეგო მიტინგზე“, „51-ე აკაცუკად“ მივიდა და თითქოს, მასთან შეხვედრის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება „ოცნებამ“ მიიღო. ამ განცხადებიდან საათების შემდეგ გახდა ქართული საზოგადოებისთვის ცნობილი, რომ სინამდვილეში შეხვედრა თავად ელინა ვალტონენმა გააუქმა, ილჰამ ალიევთან დაგეგმილი ვიზიტის დროში გადმოწევის გამო.
„პრემიერმინისტრო კობახიძევ, საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. ეს ეხება ეუთოს წევრ ყველა სახელმწიფოს. იმისათვის, რომ ხალხმა ამ უფლებით ისარგებლოს, მათ გამოხატვის თავისუფლება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სჭირდებათ, სადაც პოლიტიკურ ალტერნატივებს შორის არჩევანს გააკეთებენ. ჰელსინკის დასკვნითი აქტი (1975): [ხელმომწერი სახელმწიფოები] ვალდებულებას იღებენ, რომ ხელი შეუწყონ და წაახალისონ ყველა ინდივიდის მიერ სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობას. ისინი თანხმდებიან და ადასტურებენ, რომ ეს უფლებები და თავისუფლებები ეყრდნობა ადამიანის თანდაყოლილ ღირსებას და არსებითი მნიშვნელობა აქვს თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოებების განვითარებისთვის. ამ თვალსაზრისით, როგორც ეუთოს თავმჯდომარე, 50 წლის შემდეგ ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან, გეპატიჟებით — ჩამობრძანდით ფინეთში, შეხვდით თავისუფალი მედიის წარმომადგენლებს და დააკვირდით ნებისმიერ დემონსტრაციას, რომელსაც მოისურვებთ. პ.ს. ვწუხვარ, რომ მომიწია, ჩვენი შეხვედრა გამეუქმებინა თბილისში გრაფიკების დამთხვევის გამო“, — წერს ელინა ვალტონენი.




