ჩაკ შუმერმა და ჰაკემ ჯეფრისმა კამალა ჰარისის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს

სენატში უმრავლესობის ლიდერმა დემოკრატმა ჩაკ შუმერმა და კონგრესში უმცირესობის ლიდერმა დემოკრატმა ჰაკემ ჯეფრისმა დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის პოსტზე კამალა ჰარისს მხარი დაუჭირეს. ამის შესახებ მათ 22 ივლისს პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
“როცა მას [კამალა ჰარისს] ვესაუბრე კვირას, მან თქვა, რომ სურდა ნომინაცია თავად მოეპოვებინა, და ეს ქვემოდან ზემოთ მომხდარიყო, და არა ზემოდან ქვემოთ. ახლა, როცა პროცესი დაიძრა ფესვებიდან ზემოთ, ჩვენ მზად ვართ რომ მხარი დავუჭიროთ ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს” – თქვა ჩაკ შუმერმა.
ჯეფრისი დაეთანხმა შუმერის განცხადებას და თქვა, რომ ჰარისის კანდიდატურამ დემოკრატებს და ერს ენერგია შემატა. მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა კანდიდატურა მოხსნა, ვიცეპრეზიდენტმა კამალა ჰარისმა დემოკრატების სხვადასხვა წარმომადგენლებისგან მხარდაჭერა მიიღო. 21 ივლისს მას ასევე მხარი დაუჭირა ნენსი პელოსიმ.