ლონდონში აშშ-ს საელჩომ განცხადება X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) მას შემდეგ გაავრცელა, რაც ამერიკელმა მეცნიერმა ხალხს ჩაიში მწიკვი მარილის ჩაყრა ურჩია. ამერიკელმა ქიმიის პროფესორმა მიშელ ფრანკლმა ჩაის მოყვარულები ასევე დაარიგა, რომ ჩაის პაკეტები ჭიქაში სწრაფად ჩაძირონ და შემდეგ გამოწურონ.
“ჩაი მეგობრობის ელექსირი და წმინდა კავშირია, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებს აერთიანებს”. – წერია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში: “ჩვენ არ შეგვიძლია უქმად ვიდგეთ, როცა ასეთი აღმაშფოთებელი რჩევა ჩვენი განსაკუთრებული ურთიერთობის საფუძველს უქმნის საფრთხეს”.
აშშ-ს საელჩო გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობას არწმუნებს, რომ “ბრიტანეთის ეროვნულ სასმელში მარილის დამატების გაუგონარი რეკომენდაცია არ წარმოადგენს, და არც არასდროს იქნება, აშშ-ს ოფიციალური პოლიტიკა”.
საელჩოს თქმით, როცა საქმე ჩაის ეხება, აშშ და გაერთიანებული სამეფო ერთად დგანან.
განცხადების ბოლოს კი წერია, რომ “აშშ-ს საელჩო გააგრძელებს ჩაის სათანადო გზით გაკეთებას – მიკროტალღურ ღუმელში მომზადებით”.
პენსილვანიაში Bryn Mawr College-ის ქიმიის პროფესორმა მიშელ ფრანკლმა ჩაის შესახებ წიგნი გამოაქვეყნა, რომელშიც ზოგიერთ ისეთ საკითხს შეეხო, რომელიც ბრიტანეთში მწვავე კამათის საგანია.
ბრიტანულ გამოცემა Daily Mail-ზე გამოქვეყნებულმა მეცნიერის ისეთმა რჩევებმა, როგორებიცაა ჩაიში მწიკვი მარილის ჩაყრა, ლიმონის ჩაწურვა და შემთბარი რძის ჩასხმა, კომენტარებში მწვავე დისკუსია გამოიწვია.