ქართული ჩაის მწარმოებელმა კომპანიამ „ოკრიბა“, რომელიც ბაზარზე ჩაი „ბუეთის“ ბრენდის სახელით ოპერირებს, საექსპორტო აქტივობები დროებით შეაჩერა. აღნიშნულის შესახებ კომპანიის გაყიდვების ხელმძღვანელმა, ქეთევან კაკაურიძემ BM.GE-სთან საუბარში განაცხადა.
კაკაურიძის თქმით, კომპანიამ სატესტო რეჟიმში გერმანიაში ექსპორტი განახორციელა, თუმცა მაღალი ფასის გამო პროდუქცია ამ ბაზრისთვის არ აღმოჩნდა მიმზიდველი: “ექსპორტი გვქონდა გერმანიაში, რომელიც რამდენჯერმე სატესტო რეჟიმში გავიდა, თუმცა ამ ბაზარზე გასვლა შევწყვიტეთ. იმპორტიორებისთვის ჩვენი პროდუქტი საკმაოდ ძვირი აღმოჩნდა. გერმანია არ აღმოჩნდა ის სეგმენტი, რომელიც ძვირიან ჩაის შეიძენდა,“ – განაცხადა მან.
კომპანიას ახალი საექსპორტო ბაზრები არ დაუმატებია, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს. შესაბამისად, როგორც „ოკრიბას“ წარმომადგენელი ამბობს, ამ ეტაპზე ადგილობრივი ბაზრის ათვისებაზე არიან კონცენტრირებული.
აღსანიშნავია, რომ „ოკრიბას“ პლანტაციები ტყიბულში, 50 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული, კომპანია ჯამში 9 სახეობის ჩაის აწარმოებს, მათ შორის: შავი და მწვანე ჩაი, შავი ჩაი ტყის კენკრითა და ციტრუსით, მწვანე ჩაი სამკურნალო მცენარეებით, ველური მოცვის ჩაი, ასევე ახლად დამატებული შავი ჩაი ბერგამოტით, ცაცხვითა და სანელებლებით. ეს უკანასკნელები ძირითადად ჰორეკა (HoReCa) სექტორზეა მორგებული. ასევე, “ბუეთის” ჩაი წარმოდგენილია ისეთ საცალო ქსელებშიც, როგორიცაა „ევროპროდუქტი“, „გუდვილი“, „ორი ნაბიჯი“, „წერტი“ და „წისქვილი ბაზარი“.
მოთხოვნის ზრდაზე საუბრისას, კაკაურიძე აღნიშნავს, რომ ბოლო სამ თვეში გააქტიურებულმა სოციალური მედიის კამპანიებმა პოზიტიური ტენდენცია შექმნა: „ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა, თუმცა კონკრეტულ რიცხვებზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ“, – აღნიშნა მან.
კომპანია უახლოეს მომავალში წარმოების გაფართოებას არ გეგმავს, რადგან, კაკაურიძის თქმით, ჯერ კიდევ ვერ ხდება არსებული მოცულობების სრულად ათვისება.
