ჩავატაროთ კვლევა, რომელიც ცხადჰყოს, რა უკუგება აქვს სპორტში სახელმწიფოს მიერ დახარჯულ თანხებს – დავით კაჭარავა

მინისტრის საათის ფორმატში ფინანსთა მინისტრის მოსმენისას „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ დააყენა საკითხი, რომ ჩატარდეს კვლევა, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ სპორტში ჩადებული თანხების უკუგებას.
„ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში როგორც პროფესიონალური, ასევე მასობრივი სპორტის ძირითადი ნაწილი სახელმწიფოდან ფინანსდება. სპორტი უამრავ ქვეყანაში არის ქვეყნის შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. ამასთან, არაპირდაპირი სიკეთეები, რაც სპორტს მოაქვს, არის კრიმინალის შემცირება, არაგადამდები დაავადებების შემცირება, ცნობადობის ამაღლება, რასაც მოჰყვება ტურისტების შემოდინება და ა.შ.
ჩემი კითხვა შეეხება იმას, რომ იქნებ ფინანსთა სამინისტრომ, ან რომელიმე სხვა უწყებამ ჩაატაროს კვლევა, თუ რა უკუგება აქვს თითოეულ დახარჯულ ლარს. სახელმწიფო, როცა ხარჯავს კონკრეტულ თანხას სპორტის მიმართულებით, ამას რა უკუგება მოჰყვება? ამის შემდეგ, ჩვენ ალბათ, უფრო მეტად გვექნება საშუალება განვსაზღვროთ, თუ რა დაფინანსება ჭირდება სპორტს. ვფიქრობ, რომ შემოდინება სპორტიდან ბევრად უფრო მეტია, ვიდრე დახარჯული თანხები.“
დეპუტატის საპასუხოდ მინისტრმა განაცხადა, რომ მართალია, ასეთი კვლევა ფინანსთა სამინისტროს არ ჩაუტარებია, მაგრამ საინტერესო იქნება მსგავსი კვლევის ჩატარება და ამის საფუძველზე სამომავლო გეგმების დასახვა.
„საინტერესო იქნებოდა ასეთი კვლევის ჩატარება. ფინანსთა სამინისტროს ეს კვლევა არ ჩაუტარებია და დაგეგმილი არ ჰქონია. თუმცა, შესაძლებელია დარგობრივ სამინისტროებთან ერთად მსგავსი ტიპის კვლევების ჩატარება და შესაბამისად, შედეგებიდან გამომდინარე, სამომავლო გეგმების დასახვაც.“ – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანის რესპუბლიკა არის არა მხოლოდ კარგი მეგობარი, არამედ ძალიან კარგი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენთვის პრიორიტეტულია ამ სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება

რევოლუციის მოსაწყობად 300 000 ხმის გაყალბების გამოგონილი აბსურდი ვინც არ დაადასტურა, ყველას გაშავების კამპანია მიდის, ეუთო/ოდირის შემდეგ, სახალხო დამცველის დისკრედიტაციის ტალღაც ამის ნაწილია