ჩადის რესპუბლიკაში ჯარის საბრძოლო მასალების ერთ-ერთ საწყობში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 9 ადამიანი ემსხვერპლა, 46 კი დაშავდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ავრცელებს.
უწყების ხელმძღვანელის თქმით, სავარაუდოა, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება, რადგან დაშავებულთა დიდი ნაწილის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.
ჩადის დედაქალაქ ნჯამენაში ხანძრის შედეგად აფეთქებები შუაღამით დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გაგრძელდა.
საწყობი, რომელშიც იარაღი ინახებოდა დედაქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში, გუჯის რაიონში მდებარე ფრანგული ჯარის სამხედრო ბაზასთან და აეროპორტთან ახლოს მდებარეობს. ამავე რაიონში ასევე მდებარეობს არაერთი საცხოვრებელი სახლი.
ჩადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხანძრის გამოწვევის მიზეზი, სავარაუდოდ, შემთხვევითობაა.
