ჩაანაცვლებს თუ არა დრონი მძიმე აგროტექნიკას – კომპანიები ფერმერებს აგროდრონებით მომსახურებას სთავაზობენ

დღევანდელ რეალობაში დრონმა სოფლის მეურნეობის თამაშის წესები შეცვალა და უპილოტო აპარატებმა მნიშვნელოვნად გაარღვიეს ტრადიციული ინდუსტრიები. აგროდრონი თანამედროვეობის უახლეს მიღწევად მიიჩნევა სოფლის მეურნეობაში. მათი შესაძლებლობები და ეფექტურობაც ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად ვითარდება. სავარაუდოდ, ის დროთა განმავლობაში მძიმე აგროტექნიკას ჩაანაცვლებს. აგროდრონის გამოყენება შესაძლებელია შეწამვლითი პროცესების, საჰაერო თესვის განხორციელების, თხევადი სასუქების გაფრქვევის, სპექტრული სურათების გადაღების, მცენარეთა სტრუქტურის ანალიზისა და მონიტორინგის მიზნით. აგროდრონის ეს უნიკალური შესაძლებლობები ფერმერს აძლევს შესაძლებლობას, ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით, ბევრად ეფექტურად და ნაკლები თანხით განახორციელოს თავისი საქმიანობა.
ბოლო წლების განმავლობაში, აგროდრონების კულტურა ქართულ რეალობაშიც აქტიურად იკიდებს ფეხს და დღითი დღე ვითარდება. ქართულ ბაზარზე გაჩნდნენ კომპანიები, რომლებიც ფერმერებს აგროდრონებით მომსახურების სერვისს სთავაზობენ. ერთ-ერთი ასეთი არის სტარტაპ კომპანია „აგრომეტა“. კომპანია 2019 წელს დაარსდა და 2020 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს ფერმერებთან.
ს დამფუძნებელი ნიკოლოზ მესხი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ მათი სერვისი დროებით მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებას და ფერმერებისთვის აგროდრონებით მომსახურების გაწევას გულისხმობს. კონკრეტულად კი აგროდრონს შეუძლია დაამუშაოს, როგორც ერთწლიანი, ასევე მრავალწლოვანი კულტურები, ხილის, ნუშის, ბაღები, სიმინდი, ხორბალი და სხვა. აგროდრონის საშუალებით შესაძლებელია დღის განმავლობაში დაახლოებით 100 ჰა მიწის ფართობზე გაშენებული ერთწლოვანი კულტურების დამუშავება.
საშუალოდ, ერთწლიანი კულტურების შემთხვევაში, „აგრომეტას“ სერვისის მომსახურების ფასი 1ჰა-ზე 80 ლარის, (დღგ-ს ჩათვლით), ხოლო მრავალწლოვან კულტურებზე 120-150 ლარის ფარგლებში მერყეობს . ზემოაღნიშნული ფასები მოქმედებს 10ჰა და მეტი ფართობის დამუშავებისას. მუდმივი მომხმარებლებისთვის კი განსხვავებული ფასია, რომელიც ჩვეულ ფასზე დაბალია.
კომპანიის ხელმძღვანელის თქმით: აგროდრონების გამოყენება, ბევრად მომგებიანია. ტრაქტორის ნაკვეთზე შეშვებისას, მისი ბორბლები აზიანებს ნათესების გარკვეულ ნაწილს, აგროდრონის შემთხვევაში, კი მისი მართვა ხორციელდება სამართავი პულტის საშუალებით და ისე წამლავს მთელ ტერიტორიას, რომ არც კი ეხება ნათესებს. აგროდრონების გამოყენებით ფერმერს შეუძლია დაზოგოს დრო და ჰქონდეს ნაკლები დანაკარგი.
„თუ ხარისხიანია „წამალი“, რითაც სურს ფერმერს თავისი ნაკვეთის დამუშავება, დრონების დახმარებით ამის 20%-დან 40%-მდე შემცირებაა შესაძლებელი (ანუ, ნაკლები დანახარჯით ამუშავებს დასამუშავებელ ფართობს). კომპანიის გამოცდილებიდან გამომდინარე, ნაკვეთის პესტიციდებით და შხამქიმიკატებით დამუშავების საუკეთესო დრო საღამოს საათებია. დღისით აორთქლება იმდენად დიდია, რომ დანაკარგი მასშტაბურია. აგროდრონების დახმარებით კი, ამ ყველაფრის გაკეთება ღამის საათებში სავსებით შესაძლებელია, რაც ნაკლებ დანაკარგსაც გულისხმობს“.
ნიკოლოზ მესხმა აღნიშნა, რომ ფერმერებისთვის კომპანიის მიერ შეთავაზებული მომსახურების მიღება უფრო ხელსაყრელია, ვიდრე საკუთრივ დრონის შეძენა.
„დრონები საკმაოდ მალე ცვეთადი და მარტივად დაზიანებადია. მისი დეტალები საკმაოდ ძვირია. ერთი დრონის სრულად აღჭურვისათვის (სრული ეკიპირებისთვის) ფერმერს შეიძლება დასჭირდეს 100 000 ლარამდე. კომპანიას მრავალი სახის დრონი აქვს დაცდილი და ამჟამად DJI-ის agras სერიის დრონებს იყენებენ, რომლებიც ხანგრძლივი მუშაობისთვის, მდგრადობით გამოირჩევა.
დრონის ცვეთიდან გამომდინარე, ჩვენი შეთავაზება ფერმერებისთვის უფრო ხელსაყრელია. ფერმერს ჩვენი 5 წლიანი მომსახურება შესაძლოა უფრო ნაკლები დაუჯდეს, ვიდრე დრონის შეძენა. ასევე, დრონები ყოველთვის უმჯობესდება და გამოდის ახალი მოდელები. ამიტომ, მათ ჩვენთან თანამშრომლობა ურჩევნიათ. ამ ეტაპზე 10 ერთეული დრონი გვაქვს, რაც ბაზრის ამჟამინდელი მოთხოვნილებიდან გამომდინარე, სრულებით საკმარისია.
რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებას, უშუალოდ საფრენი აპარატების დაფინანსება, არ ხდება. თუმცა, მოგებული გვაქვს სხვადასხვა საგრანტო კონკურსი. მაგ: GITA-ს საგრანტო კონკურსში გამარჯვებით, შევიძინეთ ერთი დრონი სრული აღჭურვილობით. ასევე, FAO-სთან თანამშრომლობის ფარგლებშიც გვაქვს გარკვეული სახის დაფინანსება მიღებული.”
კომპანიას ამ ეტაპისთვის 10 000ჰა ფარგლებში აქვს მომსახურება გაწეული, რაც 20ჰა-ზე ნაკლები ფართობის დაახლოებით 100 ფერმერს და 50ჰა-ზე მეტი ფართობის დაახლოებით 100 ფერმერს გულისხმობს.
ვინაიდან, ბოლო წლებში საკმაოდ მოთხოვნადი გახდა ეს მიმართულება, აგრომეტა უახლოეს მომავალში გეგმავს ახალი პლატფორმის შექმნას და სერვისების გამრავალფეროვნებას.
ასევე, საქართველოში მოქმედებენ კომპანიები, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით ახდენენ შესაბამისი დრონების ინტეგრაციას ყოველდღიურ სამუშაოებში.
ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარის, რუსუდან გიგაშვილის თქმით, აგროდრონები ჩვენს რეალობაში ისევე აქტიურად არ გამოიყენება, როგორც განვითარებულ ქვეყნებში, თუმცა მსხვილი კომპანიები ამ სერვისს მოიხმარენ.
„აგროდრონები სოფლის მეურნეობაში ჯერჯერობით მინიმალისტურადაა გამოყენებული სერვისის ფასიდან და ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე, ვინაიდან ამ ეტაპზე აგროდრონების გამოყენება ძვირი სიამოვნებაა. კომპანიებმა შეთავაზებები მცირე მეწარმეებსაც უნდა მოარგონ. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ძირითადად მრავალწლიან კულტურებზე იყენებენ მსხვილი ფერმერები ამ მომსახურებას“- აცხადებს გიგაშვილი.
რუსუდან გიგაშვილი აღნიშნავს, რომ აგროდრონების გამოყენების მაჩვენებელი ცნობადობის საკითხთანაცაა დაკავშირებული. მისი აზრით, კომპანიების მხრიდან, რომლებიც სხვადასხვა სერვისებს სთავაზობენ მომხმარებლებს ამ მიმართულებით, კარგი დამარწმუნებელი პოლიტიკაა გასატარებელი, რათა მიზნობრივ აუდიტორიას მიეწოდოს სერვისის უპირატესობებზე ინფორმაცია.
სპეციალისტების მოსაზრებით, იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობა მეტად მომგებიანი გახდეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიებისთვის ფეხის აწყობა, რის გარეშეც სასურველი შედეგის მიღწევა ძალიან რთულია. თანადაფინანსების გრანტები კი წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.
ჩინეთში „ჭკვიანი სოფლის მეურნეობა“ ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა. Beidahuang Group უმსხვილესი დივერსიფიცირებული აგრობიზნეს ჯგუფია ჩინეთში. მათ ბრინჯის პლანტაციებში თხევადი სასუქები დიდი ხანია სასოფლო-სამეურნეო დრონებს შეაქვთ. კომპანიის მენეჯმენტის თქმით, სოფლის მეურნეობის ულტრათანამედროვე ინოვაციებზე დაფუძნებული ტექნოლოგიებით მოდერნიზაცია მყარ საფუძველს უქმნის ეროვნულ სასურსათო უსაფრთხოებას და განსაზღვრავს, გარემოზე ზიანის მიუყენებლად, ფერმერული მეურნეობის ეფექტიანობის დინამიკურ ზრდას.
გარდა ჩინეთისა, სხვა ქვეყნებიც აქტიურად იყენებენ აგროდრონებს სოფლის მეურნეობის განვითარებაში. TechnoServe არის საერთაშორისო ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც წარმატებით იყენებს დისტანციურ გადამცემებს, დრონებს, მანქანურ დასწავლასა და სატელიტიდან მიღებულ მონაცემებს დასავლეთ აფრიკაში აკაჟუს (Cashew) წარმოების გასაზრდელად.
საკითხის შესწავლაში აქტიურად ჩართული პროფესორი გირიშ ქოუდარი, ილინოისის ავტონომიური სისტემების ლაბორატორიის დირექტორი ამბობს, რომ სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა სახის რობოტების გამოყენებით შესაძლებელი იქნება ნათესების ეფექტური მონიტორინგი, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს მოსავლიანობის ზრდას. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის რაოდენობის მზარდი ტემპის პირობებში. ასევე, bio-conferences.org-ის ცნობით, სოფლის მეურნეობაში დრონების გამოყენება თანდათან იზრდება ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაშიც.