ჩააბარე SEU-ს ბიზნესის ადმინისტრირების ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე და მოიპოვე შესაძლებლობა, მეწარმეობა ისწავლო აშშ-ში სრული დაფინანსებით

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს აღმასრულებელი ბიზნესის ადმინისტრირების (EMBA) ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო.
აღნიშნულ პროგრამაზე ჩაბარება შესაძლებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, მხოლოდ შიდა პროფესიული გასაუბრების საფუძველზე.
როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, პროგრამა განკუთვნილია იმ პროფესიონალებისთვის, ვისაც უკვე აქვს მენეჯერული გამოცდილება და სურს ინტერპერსონალური და ლიდერული უნარების განვითარება, სისტემური ხედვის გაღრმავება და თანამედროვე მენეჯმენტისა და სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების მექანიზმების დაუფლება.
SEU-ს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, გამოიყენონ მსოფლიოს ნომერი პირველი უნივერსიტეტის, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) ციფრული პლატფორმა – Orbit, რომელიც დაეხმარება მათ სტარტაპ პროექტების განვითარებასა და ბიზნეს ქეისების პრაქტიკულ დამუშავებაში. გარდა ამისა, სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა პროგრამის მეწარმეობის კომპონენტი ამერიკაში, MIT-ში სრული დაფინანსებით ისწავლონ.
„პროგრამის სამიზნე ჯგუფია პროფესიონალები, რომლებსაც უკვე აქვთ მინიმუმ ხუთწლიანი მენეჯერული გამოცდილება და ეძებენ კარიერულ წინსვლას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. კანდიდატებმა უნდა დაადასტურონ სწავლის მოტივაცია და ფლობდნენ ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე“, – აცხადებს პროგრამის ხელმძღვანელი, თეონა მაისურაძე