შხელდაზე მყოფი მთამსვლელი, სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა — შსს

მწვერვალ შხელდაზე ერთი მთამსვლელი, სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. სამი მთამსვლელი მესტიის მუნიციპალიტეტში უვნებლად გადაიყვანეს.
ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე მყოფი სამი მთამსვლელი უვნებლად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გადმოიყვანეს.
მთამსვლელების ინფორმაციით, მწვერვალზე მყოფი ერთ-ერთი პირი სავარაუდოდ მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო კი, დარჩენილი სამი პიროვნება ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას და სამაშველო ჯგუფის დახმარება მოითხოვეს“, — ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამაშველო ღონისძიება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართულობით სამეგრელო-ზემო სვანეთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველებმა განახორციელეს.
გარდაცვლილი მთამსვლელი ცხედრის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
შხელდა მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონზე მდებარეობს, იალბუზის სამხრეთ-აღმოსავლეთით. აქვს ხუთი მწვერვალი: აღმოსავლეთის – 4322მ, ცენტრალური – 4310მ, დასავლეთის მე-3 – 4280, დასავლეთის მე-2 – 4300მ, დასავლეთის – 4129მ. მის ჩრდილოეთ ფერდობზე დაშვებულია მყინვარი შხელდა.

ასევე დაგაინტერესებთ