შქმერის გამგებელი თაღლითობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს – პროკურატურა

პროკურატურის ინფორმაციით, დააკავეს ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი შქმერის ადმინისტრაციულ ერთეულში. უწყება მას ედავება სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილ თაღლითობას.
“ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, ონის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი შქმერის ადმინისტრაციულ ერთეულში, ერთ პირს დაჰპირდა, რომ თითქოს, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ტყის ფონდის ტერიტორიიდან, ყოველგვარი ნებართვის გარეშე გამოატანინებდა წიაღისეულს – 180 ტომარა ტორფს. სანაცვლოდ, მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ პირს 15 აგვისტოს გამოართვა თანხა და სცადა მოტყუებით დაუფლებოდა 1800 ლარს”, – ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულს ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს თაღლითობის მცდელობა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.