შუქრუთელები შიმშილობას წყვეტენ, თუმცა პროტესტი გრძელდება – მათ უმრავლესობას დეპუტატი იონათამიშვილი შეხვდა

შუქრუთელები შიმშილობას წყვეტენ, თუმცა პროტესტი გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ის აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი ნეფარიძემ მიაწოდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პარლამენტთან მათ დეპუტატი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი შეხვდა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ შუამავლობა შესთავაზა.
ნეფარიძის თქმით, კომპანიის წარმომადგენლებთან და დაზარალებულებთან იონათამიშვილს ცალ-ცალკე შეხვედრები ჰქონდა. მისივე ცნობით, პრობლემის მოგვარების მიზნით, კომისია შეიქმნება, სადაც სამივე მხარე იმუშავებს, თუმცა ერთმანეთის პირისპირ მხარეები არ დასხდებიან.
“სახელმწიფოს მხრიდან, რატი იონათამიშვილი იქნება პროცესში ჩართული. სანამ ოფიციალური შეთანხმება არ მოხდება, ცალმხრივი კომისია შეიქმნება და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე სახელმწიფო, კომპანია და ჩვენ, დაზარალებული მოსახლეობა ვიმუშავებთ.
აქცია უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება, სანამ რეალური შედეგი არ დაიდება. უბრალოდ, ყველა მოშიმშილე ადამიანი შეწყვეტს შიმშილობას და გადავლენ სტაციონარში, სადაც აღდგენით მკურნალობას გააგრძელებენ”, – აცხადებს გიორგი ნეფარიძე.
ინფორმაციისთვის: ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტმა თბილისში 11 სექტემბრიდან გადმოინაცვლა. ისინი ღამეებს პარლამენტის შენობასთან ათენებენ. რამდენიმე მათგანი უკვე 43-ე დღეა შიმშილობს. ისინი ცენტრალურ ხელისუფლებას პროცესში ჩართულობას სთხოვენ, რათა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა” 2019-2021 წლის პროტესტის შედეგად მიღწეული შეთანხმების შედეგად აღებული ვალდებულებები შეასრულოს. მათი ვერსიით, სოფელ შუქრუთის მოსახლეობასთან გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, კომპანიას წელიწადში 700 000 ლარიდან 1 000 000 ლარამდე უნდა გადაეხადა. თავის მხრივ „ჯორჯიან მანგანეზი“ აცხადებს, რომ უკვე სამჯერ მეტი კომპენსაცია აქვს გაცემული, რასაც პროტესტის მონაწილეები არ ადასტურებენ და ირწმუნებიან, რომ კომპენსაცია მოსახლეობის მაქსიმუმ 5%-ს აქვს მიღებული.