ზამთრის კურორტები ახალ წელს გამოწვევებით შეხვდნენ. სვანეთში მდებარე სასტუმრო “ფალიანის” დამფუძნებელი ეკა გველესიანი BM.GE-თან აცხადებს, რომ მესტიაში თოვლი მოვიდა, თუმცა გამოწვევად რჩება კვლავ ელექტროენერგიის ავარიული გათიშვები, რის გამოც მცირე ზომის ბიზნესს ჯავშნები უუქმდება ან დაჯავშნილ ნომრებს სტუმრები ტოვებენ.
მისი შეფასებით, ახალი წლის დღეებში მესტიაში ძირითადად ადგილობრივი დამსვენებლები იყვნენ და ტურისტების ნაკლებობა იყო.
“შუქი პრაქტიკულად არ გვაქვს, ახალი წლის დღეებშიც დენის ამბავი ძალიან ცუდად იყო. თოვლი მოვიდა, რაც კარგია, მაგრამ აი, შუქის პრობლემა მთავარ გამოწვევად რჩება და ეს იწვევს დიდ პრობლემებს. სტუმრები რომ ჩამოდიან, რა თქმა უნდა, უკმაყოფილოები არიან. გენერატორები გვაქვს სასტუმროებს, მაგრამ სასტუმროების გარდა საოჯახო სასტუმროების, კოტეჯებს, მცირე ბიზნესებს დიდი პრობლემები აქვთ, ჯავშნები სულ უუქმდებათ ან ჩამოვლენ სტუმრები და მერე გარბიან.
თუ არ შეიცვალა ეს ძველი ელექტროხაზები, ეს ინფრასტრუქტურა თუ არ განახლდა, სულ იქნება ეს პრობლემა, იმიტომ რომ ზამთარში, ბუნებრივია, რომ მოხმარება იმატებს, იმიტომ რომ გაზი არ არის და გათბობა დენით ხდება. ასეთ დროს როცა დენი არ არის, ძალიან სიცივეში გათბობის გარეშე ძალიან რთულია.
ბავშვობის, 90-იანი წლების, ნოსტალგია ვისაც აქვს, დენი რომ მოვიდოდა და ვყვიროდით, შეუძლია მესტიაში ამოვიდეს”, – ამბობს სასტუმრო “ფალიანის” დამფუძნებელი ეკა გველესიანი.




