შუა საუკუნეების ჭირის ეპიდემიის გამომწვევი მიზეზი ვულკანები აღმოჩნდა – კვლევა
დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ ცნობილი შუა საუკუნეების ჭირის ეპიდემია, რომელსაც მე-14 საუკუნის ევროპაში „შავ ჭირს“ უწოდებენ, ვირთხების (ჭირის ვირუსით ინფიცირებული რწყილების გადამტანების) გამო დაიწყო. თუმცა, ისტორიკოსები და კლიმატის მეცნიერები ახლა ამტკიცებენ, რომ დამანგრეველი ეპიდემია, სავარაუდოდ, თავდაპირველად გაცილებით ძლიერი ძალის – ვულკანური ამოფრქვევების შედეგი იყო – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
აღმოსავლეთ ევროპის ისტორიისა და კულტურის ინსტიტუტის (ლაიბნიცის ასოციაცია) და კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გააანალიზეს მე-14 საუკუნის შუა ხანებში გაზრდილი მუხის ხეების ნარჩენები, რომლებიც პირენეების მიწისქვეშა ტბებში იყო შემონახული და აღმოაჩინეს ე.წ. „ლურჯი რგოლები“.
ასეთი ანომალიური რგოლები მიუთითებს დიდ ვულკანურ ამოფრქვევებზე, რომლებიც ატმოსფეროში გამოყოფენ ფერფლსა და გოგირდის აირებს, რითაც ბლოკავენ მზის სხივებს და იწვევენ აციებას.
პირენეის მუხებმა აჩვენეს დაბალი ზრდის პერიოდები უჩვეულოდ ცივი და წვიმიანი წლების გამო 1345–დან 1347 წლამდე. იმდროინდელი ისტორიული დოკუმენტები ასევე მიუთითებს უჩვეულო ღრუბლიანობასა და მთვარის დაბნელებაზე ამ პერიოდში, რაც ვულკანურ აქტივობაზე მიუთითებს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 1345 წელს ვულკანის ამოფრქვევამ (ან მათმა სერიამ) გამოიწვია საშუალო წლიური ტემპერატურის ვარდნა ვულკანური ფერფლისა და გაზების მიერ წარმოქმნილი ნისლის გამო. ამას მოჰყვა მოსავლის უკმარისობა მთელ ხმელთაშუა ზღვისპირეთში.
საკვების დეფიციტის მოსაგვარებლად და საკვებისმიერი არეულობების თავიდან ასაცილებლად, იტალიის საზღვაო რესპუბლიკებმა – ვენეციამ, გენუამ და პიზამ ფლოტები შავი ზღვის რეგიონებში გაგზავნეს მარცვლეულის შესაგროვებლად. გემები ვირთხებით დატვირთულები ბრუნდებოდნენ, რომლებშიც ბუბონური ჭირით ინფიცირებული რწყილები იყო.
ვირთხები უხვად ცხოვრობდნენ შუა საუკუნეების ქალაქების ქუჩებში, რითაც ხელს უწყობდნენ დაავადების სწრაფ გავრცელებას. შედეგები კატასტროფული იყო: მეცნიერების შეფასებით, სულ რამდენიმე წელიწადში ევროპის მოსახლეობის მესამედი დაიღუპა. ითვლება, რომ შუა საუკუნეებში შავი ჭირით დაღუპულთა რიცხვი 20-დან 50 მილიონამდე იყო, ზოგიერთ რეგიონში კი სიკვდილიანობის მაჩვენებელი თითქმის 60%-ს აღწევდა.
მკვლევრები ჯერ კიდევ ვერ ადგენენ, თუ რომელმა ვულკანმა გამოიწვია ჭირის ეპიდემიის ჯაჭვური რეაქცია. ისინი ვარაუდობენ, რომ ის ტროპიკებში წარმოიშვა.




