ზღვის სეზონი აქტიურ ფაზაშია. ამ პერიოდში ბათუმი ტურისტების შეკრების ერთ-ერთი მთავარი ლოკაციაა, თუმცა წელს საზღვაო ქალაქი დამსვენებლების ნაკლებობას განიცდის. სასტუმროები თითქმის ცარიელია. ,,წელს ძალიან ცოტა ხალხია. სასტუმრო თითქმის ცარიელია.”,- აცხადებს ,,კომერსანტთან“ საუბარში სასტუმრო ,,იბერიას“ წარმომადგენელი. მისი თქმით, ამ ეტაპზე 70 ნომრიდან მხოლოდ 10 ნომერია დაკავებული. სასტუმროში აცხადებენ, რომ ჯავშნებიც არ აქვთ.
,,უფრო მეტად ყაზახები და ბელარუსები იყვნენ ჩვენი სტუმრები, თუმცა წელს ბელარუსები საერთოდ არ ჩამოსულან ჩვენთან. ყაზახებმა 1-2 ნომერი დაიკავეს. ისრაელში რომ დაიწყო ომი აღარ ჩამოდიან. შუა ზაფხულია და 10 ნომერია დაკავებული 70 ნომრიდან. შარშან ბევრად მეტი დამსვენებელი გვყავდა. 40-50 ნომერი იყო დაკავებული. ივნისში სასტუმრო საერთოდ ცარიელი იყო. წინა წელს დატვირთულობა მეტი იყო და ჯავშვებიც გვქონდა ამ პერიოდში. ახლა ჯავშნებიც არ არის საერთოდ.”- აცხადებს სასტუმრო ,,იბერიას“ წარმომადგენელი.
ტურისტების ნაკლებობასთან ერთად ბათუმში მიმდინარე სეზონზე ევროპელი სტუმრების ნაკადების შემცირებაც შეინიშნება. სასტუმრო ,,იბერიას“ წარმომადგენელი ამბობს, რომ წინა წლებში მათთან ტურისტები გერმანიიდან, იტალიიდან და პოლონეთიდან ჩამოდიოდნენ, თუმცა ამ სეზონზე სასტუმროს ევროპელი დამსვენებლები არ მიუღია. ბათუმს ნაკლებად სტუმრობენ ტურისტები ისრაელიდანაც. ამის მიზეზი კი ქვეყანაში ომის დაწყება გახდა.
,,წინა წლებში გვყავდა ევროპელი ტურისტები. ბევრი არა მაგრამ იყვნენ გერმანიიდან, პოლონეთიდან, ბელარუსიიდან და იტალიიდან, მაგრამ წელს საერთოდ არ გვყავს ევროპელი ტურისტი. ახლო მახლო რა სასტუმროებიც არის თითქმის ყველა ცარიელია. ,,შერატონიც” კი ცარიელია. ისრაელში ომის დაწყების შემდეგ იქაც გაუქმდა ჯავშნები. ეს სეზონი ჩავარდნილი გამოდის. 2 თვე დარჩა და დამთავრდება სეზონი. მერე ისედაც აღარ ჩამოდიან. სეზონი აღარ არის.”- აცხადებს სასტუმრო ,,იბერიას“ წარმომადგენელი.
სასტუმროში ამბობენ, რომ წელს ფასები 30%-ით შეამცირეს. იმედოვნებდნენ, რომ დაკლებული ფასი დამსვენებელს მოიზიდავდა, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა. სეზონის დასრულებამდე მხოლოდ 2 თვეა დარჩენილი. ჯავშნების არ ქონის პირობებში სასტუმროში მიმდინარე სეზონს ჩავარდნილს უწოდებენ.
