“შუა დერეფნის სატარიფო პოლიტიკა დროულადაა დასალაგებელი” – ლევან სულაბერიძე

“შუა დერეფნის მონაწილეებს ბევრი აქვთ სამუშაო, თუმცა ის ფაქტი, რომ მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ დაგვინახა რეალურად ევროკავშირმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ, ამაზე გარკვეული პერიოდი გული გვწყდებოდა. მაგრამ შეგვამჩნიეს, ახლა გვიკვლევენ, გვაფასებენ და ხედავენ იმ ნაკლოვანებებს, რომლებსაც ჩვენც ვხედავთ და იმ პრობლემებს, რომლის გადაჭრაც აუცილებელი და გადაუდებელია.” – ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან სულაბერიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მთელი დერეფნის ჭრილში, სატარიფო პოლიტიკა დროულადაა დასალაგებელი.
“სამწუხაროდ, ერთიანი გამჭოლი ტარიფი საკონტეინერო გადაზიდვებზე არ არსებობს. არ გვაქვს გადაზიდვების ერთიანი ტექნოლოგია საკონტეინერო ნაწილში. ჩაფიქრებული იყო შემდეგნაირად: თუ საქართველოში, აზერბაიჯანში ან ყაზახეთში მიხვიდოდი დერეფნის მონაწილესთან, ტარიფი უნდა ყოფილიყო ერთი და იგივე. დღეს ეს ასე არ არის და სხვაობა ტარიფებს შორის საკმაოდ მნიშვნელოვანია. ასევე, მნიშვნელოვანია საზღვაო სამართლისა და სარკინიგზო სამართლის ერთმანეთთან სინქრონიზაცია, რადგან საზღვაო სამართლის არსი ბევრად მოქნილია ტვირთის გადაზიდვის კუთხით და მისი ინტეგრირება ტვირთის რკინიგზაზე გადასვლის დროს გარკვეულ პრობლემებს ქმნის. რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ამ ყველაფერში” – ამბობს ლევან სულაბერიძე.
მან ასევე აღნიშნა, რომ ნაბიჯები გადადგმულია, სხვა შემთხვევაში ტვირთი ვერ იმოძრავებდა. უნიკალური გადაწყვეტილებებიც კი არის მიღებული კასპიის ზღვის გადაკვეთის ნაწილში, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ინტენსიური მუშაობაა საჭირო.