მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ანგარიში სახელწოდებით „სავაჭრო და სატრანსპორტო შუა დერეფანი – დარგობრივი პოლიტიკა და ინვესტიციები 2030 წლისთვის ტვირთების გადაზიდვების გასასამმაგებლად და მგზავრობის დროის გასანახევრებლად“, რომელიც ფოკუსირებულია ყაზახეთზე, აზერბაიჯანსა და საქართველოზე და განსაზღვრავს იმ პრიორიტეტულ ღონისძიებებს, რომლებსაც მულტიმოდალური სარკინიგზო და საზღვაო დერეფნის სიცოცხლისუნარიან და სანდო სავაჭრო გზად გარდაქმნა შეუძლიათ.
„საქართველო ისტორიულად სამხრეთ კავკასიის ევროპასთან დამაკავშირებელი რგოლი იყო. ქვეყანა დღესაც ამ ფუნქციას ასრულებს ტრანსპორტის, მილსადენის ინფრასტრუქტურისა და საკომუნიკაციო კავშირების გათვალისწინებით.
სრულად რეალიზებული სათანადო ფუნქციის მქონე შუა დერეფანი გაზრდის საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის სტრატეგიულ პოზიციას ვაჭრობისა და ტრანზიტისთვის. ის ასევე უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ კავშირებს აზიისა და ევროპის მნიშვნელოვან ცენტრებთან, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საქონლისა და სერვისებისთვის სავაჭრო ნაკადების განვითარებას და ახალ ბაზრებთან წვდომას.
· შუა დერეფნის განვითარებას საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი სტიმულირება შეუძლია. ახალ ბაზრებთან წვდომასა და ქვეყნის საექსპორტო კალათაში ახალი პროდუქტების დამატებას კი ექსპორტირებული საქონლის ერთ ტონაზე ღირებულების 107 აშშ დოლარით გაზრდა შეუძლია. საქართველო სარგებელს მიიღებს ექსპორტზე ორიენტირებული სასურსათო სექტორის განვითარებისგან, ისევე როგორც სასარგებლო წიაღისეულის ექსპორტისგან, რომელიც სამშენებლო მასალებსა და ფერადი ლითონების მადანს უკავშირდება.
· რამდენიმე დაგეგმილი საინვესტიციო პროექტი გააძლიერებს ვაჭრობასა და სატრანსპორტო გამტარუნარიანობას. 2022 წელს მთავრობამ განაცხადა საჯარო-კერძო სექტორის ახალი პარტნიორობის ფორმირების შესახებ ანაკლიის ღრმაწყლიანი პორტის განვითარებასთან დაკავშირებით შავ ზღვაზე, რომელსაც შეეძლება დიდი კონტეინერების გადამზიდი გემების მიღება. საქართველო ასევე ზრდის ფოთის არსებული პორტის სიმძლავრეს. თუმცა, ეს ინვესტიციები უნდა შეფასდეს არსებული ინფრასტრუქტურის ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით.
· მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინვესტიციების მეშვეობით ასევე გაიზარდა ბაქო-თბილისის რკინიგზის სიმძლავრე და განხორციელდა მისი მოდერნიზაცია.
· შუა დერეფნის პოტენციალის რეალიზება საჭიროებს ინვესტიციების მაღალ დონეს ლოგისტიკასა და ტრანსპორტის ინფრასტრუქტურაში. მსოფლიო ბანკის ანგარიში განსაზღვრავს ღონისძიებებს, რომლებიც საქართველოს შეუძლია განახორციელოს შუა დერეფნის ტრანსპორტის და ლოგისტიკის ეფექტიანობის ასამაღლებლად, მათ შორის:
ტრანსპორტის ფასების გამჭვირვალობისა და პროგნოზირებადობის უზრუნველყოფა, დაინტერესებულ მხარეებს შორის ნდობის გაძლიერება;
ტვირთების გადაადგილების მიკვლევადობის უზრუნველყოფა რეალური დროის საინფორმაციო სისტემების საშუალებით.
ელექტრონულ დოკუმენტებზე შეუფერხებელი გადასვლის ხელშეწყობა, პროცესების გამარტივება როგორც რკინიგზის, ისე კასპიის ზღვის მარშრუტისთვის.
ტვირთის კონსოლიდაციის წახალისება და სარკინიგზო ტრანსპორტზე გადასვლა აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო ბალანსის გასაუმჯობესებლად, ლოგისტიკური ჰაბების შექმნის სტიმულირებით.
პორტი – რკინიგზა/საგზაო ოპერაციების გაზრდა და ნავიგაციის არხების ოპტიმიზაცია საერთო ეფექტიანობის ასამაღლებლად.
კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად კონტეინერის საპორტო ტარიფების შემცირება, რომელიც ამჟამად ყველაზე მაღალია შავ ზღვაზე.
მოძრავი შემადგენლობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა განსაკუთრებით საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის კვეთის პუნქტში და საგზაო და საპორტო საერთაშორისო გადაზიდვების გაუმჯობესება სატრანსპორტო ქსელის განვითარების მიზნით“, – აღნიშნულია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.