ITMC-ის თანადამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ფერიაშვილი თვლის, რომ სხვა ალტერნატიულ მარშრუტებთან შედარებით, შუა დერეფნის როლის გააქტიურებისთვის აუცილებელია სხვადასხვა დარგის კერძო სექტორში მოქმედმა კომპანიებმა ძალისხმევა გააერთიანონ, რათა ქვეყანაში სატრანზიტო ინფრასტრუქტურა განვითარდეს. ამის შესახებ მან გადაცემა „საქმიან დილაში“ შუა დერეფანში გაზრდილ ტვირთნაკადების გატარების გამოწვევებზე საუბრისას აღნიშნა.
ლოგისტიკური კომპანიის ხელმძღვანელის შეფასებით, შუა დერეფანზე არსებული მოთხოვნა მომდევნო წლებში გაიზრდება და ამ პროცესში გამართული ინფრასტრუქტურისა და შესაბამისი ცოდნის აუცილებლობაა საჭირო.
„ახლა „ზანგეზურის კორიდორზე“ არის საუბარი და ამ ნაწილში ნაკადების დაკარგვის გარკვეული შიშები არსებობს. სინამდვილეში, ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ნაკადები, იმიტომ რომ ფოთიდან კონსტანცამდე 640 საზღვაო მილია და ჩვენ რომ ზღვაზე საბორნე და საკონტეინერო მიმოსვლა უკვე განვითარებული გვქონდეს, ბევრად უფრო სწრაფები ვიქნებით, ვიდრე სახმელეთო გზით თურქეთიდან ევროპაში ტვირთების გადაზიდვა იქნება. ამიტომ, მოკლედ რომ ვთქვათ, თუ არის ინფრასტრუქტურა და ცოდნა, „ზანგეზურის დერეფნის“ არ უნდა გვეშინოდეს“, – აცხადებს ნიკოლოზ ფერიაშვილი და განმარტავს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანაში შუა დერეფანში მიმართული ტვირთების გატარება უფრო მოქნილი გახდეს:
„ბიზნესი ბევრად უფრო მობილიზებული უნდა იყოს. ფინანსურმა ინსტიტუტებმა აქტიურად დაიწყეს ამ საკითხის კვლევა, ძალიან კარგი მაგალითია BDO-ს აქტიური ჩართულობა, რაც დარგში მეტ ექსპერტიზას შემოიტანს. შუა დერეფნის განვითარებისთვის კი ბიზნესები, საინვესტიციო ბანკები, ფინანსური ინსტიტუტები უნდა გაერთიანდნენ – ბონდების გამოშვებაა ახლა აქტუალური და კერძო სექტორმა ძალისხმევა უნდა გააერთიანოს, რომ ინფრასტრუქტურა შექმნას და რაც მთავარია შემოიყვანონ საერთაშორისო ოპერატორები, რათა ცოდნა შემოიტანონ. ამაზე ყველა საუბრობს, თუმცა ნაბიჯები არ იდგმება“.
კითხვაზე რას ვაჭარბებთ იმ რეალურ შეფასებებს, რასაც შუა დერეფანში საქართველოს როლი შეიძლება იყოს, ITMC-ის თანადამფუძნებელი პასუხობს, რომ ბოლო წლებში შუა დერეფნის გააქტიურების მიუხედავად, რაც აუცილებელია, რომ სხვა ალტერნატიულ სატრანზიტო გზებთან შედარებით, ეს მარშრუტი საინტერესო იყოს. ეს კი ინფრასტრუქტურულ მზაობას გულისხმობს. ბიზნესის წარმომადგენელი ამბობს, რომ ქართული კომპანიები ამ სატრანზიტო მარშრუტით ტვირთების გაზრდილ ნაკადებს მოუმზადებლები დახვდნენ.
„შუა დერეფანთან დაკავშირებით არსებულ მოლოდინებში იმას ვაჭარბებთ, რომ კონკურენტი დერეფნები უფრო აქტიურები არიან და არსად არ გამქრალან. ჩვენ ვართ კონკურენტი ჩრდილოეთის და ე.წ. ირანის დერეფნის შუაში. ჩრდილოეთის დერეფანზე რომ ვისაუბროთ, ჩვენს დერეფანთან მიმართებით უფრო იაფიც და ამ ეტაპზე უფრო სწრაფიც არის, აზიიდან ევროპაში მოსახვედრად ტვირთების უფრო გამტარუნარიანიც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება საქართველოს, კომპლექსურია ანუ მულტიმოდალურია – ზღვით უნდა გადმოვიდეს, მერე რკინიგზით ან სახმელეთო გზით იაროს და შემდეგ ისევ ან ზღვით ან სახმელეთოთი წავიდეს. მულტიმოდალურობა კომპლექსურობასთან და სირთულესთან ერთად, ფასს რომ აძვირებს, დერეფანს საინტერესოსაც ხდის. მაგრამ საინტერესო რომ იყოს, დიდი ინფრასტრუქტურა არსებობდეს და საერთაშორისო ოპერატორები იყვნენ, რომელსაც ოპერირების ცოდნა გააჩნიათ. აქ არსებული ინფრასტრუქტურა და ცოდნა ერთობლივად სისწრაფეს უნდა უზრუნველყოფდეს.
შუა დერეფანში ტვირთნაკადის ზრდა პოლიტიკური კონიუნქტურის და სანქციების გამო გაიზარდა, თუმცა ამ ვითარებას ჩვენ, ბიზნეს გარემო, სამუშაო ძალა აბსოლუტურად მოუმზადებელი დახვდა. ეს ტენდენცია გრძელდება – ბიზნესი ამ ყველაფრისთვის მზად ბოლომდე არ არის, არც ცოდნით და არც ინფრასტრუქტურით“, – განმარტა ლოგისტიკური კომპანიის დამფუძნებელმა.
bm.ge




