„შუა დერეფანი აღარ არის მხოლოდ კონცეფცია; ის იქცა რეალობად, რომლის განვითარებასაც ჩვენ ყოველდღიურად ვუწყობთ ხელს“

საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან.
„საქართველოს უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას ავსებს და აძლიერებს ჩვენი ხელისუფლების პროაქტიული საგარეო პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან. ჩვენ ვახორციელებთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს – ვაშენებთ ახალ პორტებს, ვახდენთ რკინიგზის მოდერნიზებას, ვქმნით ციფრულ და ენერგეტიკულ მაგისტრალებს, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც რეგიონის განახლებად ენერგიას ევროპის ბაზართან დააკავშირებს. ეს ყველაფერი ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას ბიზნესისთვის”, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, წლევანდელი ფორუმის ფარგლებში პირველად იმართება თბილისის ფინანსური სამიტი, რაც თბილისს ამკვიდრებს, როგორც რეგიონის ფინანსური და ტექნოლოგიური ინოვაციების ცენტრს.
„დღეს კავშირები ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ფიზიკური ინფრასტრუქტურა. შუა დერეფანი აღარ არის მხოლოდ კონცეფცია; ის იქცა რეალობად, რომლის განვითარებასაც ჩვენ ყოველდღიურად ვუწყობთ ხელს. მაგრამ XXI საუკუნეში, მდგრადი განვითარებისთვის, აუცილებელია კავშირების ახალი განზომილებების ათვისება – ეს არის ენერგეტიკული დერეფნები, ციფრული მაგისტრალები და კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა. ამდენად, ბუნებრივია, რომ დღევანდელი ფორუმის პანელური დისკუსიები სწორედ ამ საკითხებს ეძღვნება: გლობალური ვაჭრობის მომავალს, შუა დერეფნის პოტენციალს, ენერგეტიკულ ინტეგრაციასა და ციფრულ ტრანსფორმაციას.
სწორედ ამიტომ, მოხარული ვარ, რომ წლევანდელი ფორუმის ფარგლებში პირველად იმართება თბილისის ფინანსური სამიტი. ეს საეტაპო მნიშვნელობის სიახლე, რომელიც სინგაპურელ პარტნიორებთან ერთად ხორციელდება, ჩვენს დედაქალაქს ამკვიდრებს, როგორც რეგიონის ფინანსური და ტექნოლოგიური ინოვაციების ცენტრს“, – განაცხადა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს