„სოფმარ საქართველოს“ დირექტორი, ვახტანგ ალანია ამბობს, რომ შუა აზიიდან ტვირთის ახალი სახეობა, მადანი წამოვიდა, რომელიც შვეიცარიული კომპანიის დაკვეთით, ტაჯიკეთიდან ფოთის პორტამდე გადაიზიდა. მან ამის შესახებ შავი ზღვის პორტებისა და გადაზიდვების მე-5 საერთაშორისო გამოფენასა და კონფერენციაზე განაცხადა.
ვახტანგ ალანიამ აღნიშნა, რომ პროცესი რთული იყო, თუმცა წარმატებით დასრულდა, რამაც აჩვენა, რომ ეს შესაძლებელია და მათ შორის, ევროპული კომპანიების მხრიდანაც გააჩინა ინტერესი.
„ფოთის ნავსადგურს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ახალი გზისთვის, რომელმაც რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ მეტი დატვირთვით დაიწყო მუშაობა. ჩვენი პროექტი ძალიან დიდი იყო, მოიცავდა თითქმის 15 000 ტონას. ეს ტვირთი იყო კონცენტრატი, სპილენძის და ოქროს შემცველობის მადანი. შვეიცარიულმა კომპანიამ შეისყიდა ეს რაოდენობა და დაკვეთა მოგვცა, რომ ტაჯიკეთიდან ფოთამდე გადაგვეტანა. ამ სფეროში 35 წელია ვმუშაობ და ეს პირველი ასეთი დიდი რაოდენობის ტვირთია, რომელიც ტაჯიკეთიდან წამოვიდა ფოთამდე.
საკმაოდ რთული გზა იყო, ეს იყო მულტიმოდალური გადაზიდვა, რომელშიც მონაწილეობდა როგორც ავტოტრანსპორტი, ისე საკონტეინერო და სარკინიგზო გადაზიდვა და პლუს ბორნით გადმოვზიდეთ აქტაუდან და კურიკიდან ბაქომდე. ასევე, ეს ახალი ტვირთი იყო ფოთის ნავსადგურისთვის, ნავსადგურის კარგი მომსახურებით და ჩვენი მუშაობით, ეს პროექტი წარმატებით დასრულდა. სულ სამი კონტეინერია დარჩენილი დასატვირთი. დღეს არა მხოლოდ ეს კომპანია გვაძლევს ისევ დაკვეთას, სხვა დიდი ევროპული კომპანიებიც ჩაერთნენ, როცა ნახეს, რომ ეს გზა მუშაობს, ნავსადგურს აქვს საშუალება ტვირთი გადაამუშაოს, გაჩნდა ინტერესი“, – აღნიშნა „სოფმარ საქართველოს“ დირექტორმა.
