შუახევში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ რაულ დეკანაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შუახევში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ რაულ დეკანაძეს ს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
თავად ბრალდებული სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა, იგი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში რეანიმაციულ განყოფილებაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
დღევანდელ პროცესზე სასამართლოს დაცვის მხარემ შუამდგომლობის სახით 10 000 ლარი შესთავაზა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
ამასთან, ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ სასამართლოს სხდომის დახურვა შესთავაზა, თუმცა. მოსამართლემ არც ეს შუამდგომლობა გაითვალისწინა, რადგან ადვოკატს შესაბამისი განცხადებით სასამართლოსთვის არ მიუმართავს.
„მტკიცებულებები საკმარისია, რომ ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა. არსებობს მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. ბრალდება 16-20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. მსგავსი დანაშაულის ჩადენის საფრთხე გენდერის ნიშნით არსებობს, ქმედების ჩადენის ხერხი ცალსახად მიუთითებს, რომ თავისუფლებაში ყოფნისას მაღალია რისკი, რომ სხვა პირთა ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას. გამოიკითხა მოწმეები, რომელთა უმრავლესობა ბრალდებულის ნათესავია. ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად არის გაუმჯობესებული, შესაძლოა, ნებისმიერ დროს გაეწეროს საავადმყოფოდან. შესაბამისად, მისი თავისუფლებაში ყოფნა დაუშვებელია”, – აღნიშნა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა.
თავის მხრივ, ადვოკატები აღნიშნავდნენ, რომ ბრალდებულის მიმალვის საფრთხე არ არსებობს.
„პროკურორი ამბობდა, რომ მიმალვის საფრთხეა, რაც არ არსებობს, რადგან ბრალდებულმა თვითმკვლელობა სცადა. იგი წარსულში ნასამართლევი არ არის. გთხოვთ, რომ არ შეუფარდოთ პატიმრობა. სასამართლოს ვთხოვთ გირაოს 10 ათასი ლარის ოდენობით”, – აღნიშნა ადვოკატმა.
მოსამართლის თამარ ბეჟანიშვილის განცხადებით, საქმეში ძირითადი მოწმე ოჯახის წევრებია. მისივე განცხადებით, სასამართლო პროკურატურის შუამდგომლობას სრულად იზიარებს.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 4 ივნისს 12:00 საათზე გაიმართება.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ შუახევის მუნიციპალიტეტში ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარმა ცოლს ჭრილობები ყელის არეში მიაყენა. შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. ქმარმა კი, ინციდენტის შემდეგ, სხეულზე მძიმე დაზიანებები მიიყენა, იგი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა მძიმედ ფასდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას