28 ნოემბრიდან დღემდე აქციის ფარგლებში სისხლის სამართლებრივი წესით გამოვლენილი და შესაბამის პასუხისგებაშია მიცემული 30-ზე მეტი პირი, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია და საქმისწარმოება დაწყებულია 372 პირის მიმართ, საიდანაც 62 პირის მიმართ უკვე გამოყენებულია ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო 100-ზე მეტი პირის მიმართ ჯარიმა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ბრიფინგზე დარახველიძემ მოუწოდა აქციის შეკრება-მანიფესტაციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, „პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებში“.
მისი თქმით, პოლიცია გააკეთებს ყველაფერს რათა დაიცვას თითოეული მშვიდობიანი მომიტინგის შეკრება-მანიფესტაციის უფლება.
„მოგეხსენებათ, უკვე ათ დღეზე მეტია აქტიურად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.
საზოგადოებამ ნათლად იხილა, მიმდინარე აქციების განმავლობაში არაერთი ძალადობრივი ფაქტი, მათ შორის, სამწუხაროდ გუშინაც დაფიქსირდა ძალადობრივი ფაქტები, რა დროსაც დაშავდნენ ჟურნალისტები. შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს ყველა სახის ძალადობას და თითოეული უწყება გააკეთებს ყველაფერს რათა თითოეული მოძალადე დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით. თითოეულ ძალადობრივ ფაქტზე, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე შესაბამის უწყებებში დაწყებულია გამოძიება და ხორციელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენისა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
აქციების მსვლელობისას საზოგადოება ნათლად ხედავდა, რომ როდესაც საპროტესტო აქცია ტარდებოდა კანონით დადგენილ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებში და არ ფიქსირდებოდა ძალადობრივი ფაქტები, შესაბამისად, პოლიციას არ უწევდა კანონით გათვალისწინებული ძალის გამოყენება, არ ხდებოდა სამართალდამრღვევი პირების დაკავება და შეკრების მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი პროტესტი კანონის ფარგლებში გამოეხატათ.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონის მიღება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შეკრება-მანიფესტაციების მშვიდობიან გარემოში ჩატარებას, აქციის მოძალადე ჯგუფებს მოუსპობს დაუსჯელობის განცდას და პოლიციას საშუალებას მისცემს დროულად მოახდინოს დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი სათანადო წესით დასჯა.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 28 ნოემბრიდან დღემდე გამართული აქციის ფარგლებში სისხლის სამართლებრივი წესით გამოვლენილი და შესაბამის პასუხისგებაშია მიცემული 30-ზე მეტი პირი.
ასევე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია და საქმისწარმოება დაწყებულია 372 პირის მიმართ, საიდანაც 62 პირის მიმართ უკვე გამოყენებულია ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო 100-ზე მეტი პირის მიმართ ჯარიმა, როგორც სახდელის სახე. დანარჩენი პირების მიმართ აქტიურად გრძელდება სასამართლო განხილვები.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შეკრება-მანიფესტაციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებში, პოლიცია გააკეთებს ყველაფერს რათა დაიცვას თითოეული მშვიდობიანი მომიტინგის შეკრება-მანიფესტაციის უფლება“,- აღნიშნა მან.
