შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ police.ge-ზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლით გათვალისწინებული (შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევა) ჯარიმების გამოქვეყნება დაიწყო.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარიმო ქვითრები გამოქვეყნდა ავტომატურად, ვიდეოჯარიმის პრინციპით, რის გამოც მოქალაქეებს მიუვიდათ მოკლეტექსტური შეტყობინება, რომელშიც წერია, რომ საჯარიმო ქვითარი შედგენილია სატრანსპორტო საშუალებაზე.
ტექნიკური ხარვეზის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახური მუშაობს”, – წერს შსს.
მანამდე, იურისტმა, ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გზის გადაკეტვაზე ჯარიმების ვებ-გვერდზე გამოქვეყნება ისე დაიწყო, რომ ფოსტით ჩაბარება არც კი უცდიათ, რაც მისი თქმით, ფორმალურად კანონის დარღვევაა.
მისივე თქმით, შსს გზის გადაკეტვაზე ვიდეოჯარიმების შაბლონებს იყენებს.
