4,5 მილიონი ლარის სატრანსპორტო საშუალებებს ყიდულობს – დეტალები გასაიდუმლოებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრო 4,5 მილიონი ლარის ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენას გეგმავს, თუმცა კონკრეტულად რა ტიპის ტრანსპორტს ყიდულობს უწყება ასაიდუმლოებს. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობა კი მხოლოდ იმ კომპანიებს შეუძლიათ, რომლებსაც სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის სპეციალური ნებართვა აქვთ.

შესყიდვის ელექტრონული პროცედურით [GEO] ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე განცხადება -მ 2023 წლიდან დღემდე სულ 20-ჯერ გამოაცხადა, სადაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 8 მილიონ 584 ათას 560 ლარია.

სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე შსს-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ „დაინტერესებულ პირს შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გადაეცემა ინტერესის გამოხატვიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში, ხელზე“.

შესყიდვა მთავრობის 2016 წლის დადგენილების საფუძველზე, საიდუმლო წესით ხორციელდება.

პირობის მიხედვით, დაინტერესებულმა პრეტენდენტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტში უნდა წარადგინონ წერილი ინტერესის გამოხატვის თაობაზე, რომელსაც უნდა დაურთონ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვის ასლი [ფორმა №4].

4,5 მილიონი ლარის ავტოსატრანსპორტო საშუალებების საიდუმლო წესით შესყიდვაზე განცხადება შსს-მ 2026 წლის 19 თებერვალს გამოაქვეყნა. წინადადებების მიღება კი 2026 წლის 25 თებერვალს დაიწყება და ორ დღეში, 27 თებერვალს დასრულდება.

სახელმწიფო შესყიდვების პორტალის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე განცხადება შსს-მ 2023 წლიდან დღემდე 23-ჯერ გამოაქვეყნა [ამაში არ შედის იმ ავტომანქანების შესყიდვა, რომლებსაც შსს კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე ყიდულობს. კონსოლიდირებულ ტენდერს შესყიდვების სააგენტო აცხადებს და შსს შემდეგ ამ ტენდერში გამარჯვებულისგან ყიდულობს მანქანებს].

ზემოთ აღნიშნული 23 განცხადებიდან:

  • 20 განცხადება იყო შესყიდვის ელექტრონული პროცედურა [GEO], ანუ საიდუმლო შესყიდვები, სადაც უცნობია თუ კონკრეტულად რა ავტოსატრანსპორტო საშუალება შეისყიდა სამინისტრომ.

ამ შესყიდვებში სავარაუდო ღირებულება კი ჯამში 8 584 560 ლარი იყო.

  • ხოლო 3 განცხადება იყო ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე [NAT], სადაც ცნობილია რა შეისყიდა სამინისტრომ. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 909 300 ლარი იყო.

ამ შემთხვევაში შესყიდულია:

10 ერთეული ოპერატიული დანიშნულების ავტომანქანა – 562 ათას ლარად, ჩანგლიანი დამტვირთველი – 48 262 ლარად და ოპერატიული დანიშნულების სატვირთო მიკროავტობუსი – 146 060 ლარად.

ზოგადად, შსს-ს ავტოსატრანსპორტო საშუალებებში შედის ყველა ტიპის ტრანსპორტი, რასაც სამინისტრო სხვადასხვა დანიშნულებით იყენებს. მათ შორის მსუბუქი ავტომობილები, ჯიპები, ავტობუსები, სპეცტექნიკა [მაგალითად წყლის ჭავლიანი მანქანები] და სხვა.

წყარო