შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ 18-19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არც შენობაში და არც ეზოში შტაბი არ ჰქონია.
ასევე, შსს-ში ამბობენ, რომ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მობილიზებულები არ ყოფილან გგანსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.
განცხადებაში შსს ირწმუნება, რომ 19 ნოემბერს, აქციის დაშლამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მას შემდეგ შევიდნენ, რაც ცენტრალურ შესასვლელთან “აქციის მონაწილეების მიერ ცეცხლის რამდენიმე კერა გაჩნდა”.
“საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მიმდინარე წლის 18-19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური შტაბი ჰქონდა გაკეთებული და უნივერსიტეტის შენობაში იმყოფებოდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.
ხაზგასმით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ 18-19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არც შენობაში და არც ეზოში, განთავსებული არ ყოფილა არანაირი შტაბი, არც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულნი.
განვმარტავთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ მას შემდეგ, რაც ეზოს ცენტრალურ შესასვლელთან აქციის მონაწილეების მიერ ცეცხლის რამდენიმე კერა გაჩნდა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო და პანთეონი არ არის დახურული სივრცე და იქ შესვლა შესაძლებელია ნებისმიერი პირისთვის, მათ შორის, აქციის მონაწილეებისთვისაც, რომლებიც უნივერსიტეტის ეზოთი აქციების პერიოდში თავისუფლად სარგებლობენ”, – აცხადებენ შსს-ში.
ამ წუთებში ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.