შსს: ჩვენი თანამშრომლები ევრო 2024-ოს უსაფრთხოდ ჩატარებაში მიიღებენ მონაწილეობას

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ მისი თანამშრომლები UEFA-ს 2024 წლის ჩემპიონატის „უსაფრთხოდ ჩატარებაში მიიღებენ მონაწილეობას“.
ჩემპიონატი 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისამდე იმართება გერმანიაში.
8 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ გერმანიაში ჩემპიონატზე მიწვეულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია.
უწყების ცნობითვე, შსს მიწვეულია „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალურ სამინისტროსა და ფედერალური პოლიციის ინიციატივით, დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების, ასევე, მასპინძელი ქვეყნის პოლიციის დანაყოფებისთვის ხელშეწყობის მიზნით“.
შსს აზუსტებს, რომ 8 ივნისს, ბამბერგის სასწავლო ცენტრში შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 10 თანამშრომელი გაემგზავრება, რომლებიც 10 ივნისიდან 13 ივნისის ჩათვლით, სხვა ქვეყნების პოლიციის ოფიცრებთან ერთად გაივლიან ერთობლივ სასწავლო კურსს.
„კურსის დასრულების შემდეგ, ისინი გადანაწილდებიან აეროპორტებში, ასევე, რკინიგზის სადგურებში და გერმანული პოლიციის ოფიცრებს ქართველ გულშემატკივართან ეფექტურ კომუნიკაციასა და მართლწესრიგის დაცვაში დაეხმარებიან“, – აცხადებს სამინისტრო.
პრესცენტრის ცნობით, 10 ივნისს ფუნქციონირებას იწყებს ევროპის ჩემპიონატის დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შექმნილი საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ცენტრი, რომელიც განთავსებული იქნება გერმანიის რესპუბლიკაში, ქალაქ ნოისში.
„ცენტრი, რომელიც შედგება ეროვნული ფეხბურთის 300-ზე მეტი საინფორმაციო ცენტრების მეკავშირე ოფიცრებისა და მობილურ ჯგუფებში განაწილებული ფეხბურთის სპოტერებისგან, ჩემპიონატის ფარგლებში ჩასატარებელ საფეხბურთო მატჩებზე საერთაშორისო საპოლიციო ინფორმაციის ოპერატიულ და უწყვეტ გაცვლას, რისკების შეფასებასა და ანალიზს უზრუნველყოფს. ასევე, განახორციელებს ღონისძიებების ჩატარების და გულშემატკივართა შეკრების ადგილებზე მობილიზებულ პოლიციის ოფიცრებთან კოორდინირებულ მუშაობას“, – აცხადებს შსს.
პოლიციის თანახმად, ამ თანამშრომლობის ცენტრში შსს-დან იქნებიან „სამინისტროს ადმინისტრაციის სპორტული და კულტურული ღონისძიებების უსაფრთხოების სამმართველოს ორი თანამშრომელი, ხოლო მობილურ ჯგუფად, სტადიონებსა და გულშემატკივართა შეკრების ადგილებში სამუშაოდ სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ორ-ორი წარმომადგენელი“.
„სამინისტროს დელეგაცია გერმანიის რესპუბლიკაში დარჩება და განახორციელებს საქმიანობას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების UEFA-ს 2024 წლის ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატზე ასპარეზობის პერიოდში“, – წერია განცხადებაში.
საქართველოს ნაკრებს ჩემპიონატზე, ჯგუფურ ეტაპზე, F ჯგუფში, სამი მატჩი აქვს გასამართი.
· პირველი, როგორც უკვე ვთქვით, თურქეთთან, დორტმუნდში – 18 ივნისს;
· მეორე – ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებთან, ქალაქ ჰამბურგში – 22 ივნისს;
· მესამე – პორტუგალიის ნაკრებთან, ქალაქ გელზენკირხენში – 26 ივნისს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ