ინფორმაციული თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, 2024 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებში პრემიის და დანამატის სახით 527,5 მილიონი ლარი გაიცა. ორგანიზაციის ცნობით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს რეკორდული მაჩვენებელია.
IDFI-მ დაამუშავა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს ყველაზე მეტი სახელფასო დანამატი შინაგან საქმეთა სამინისტროში გასცეს – 168 742 405 ლარი. მას მოჰყვება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 27 905 595 ლარით და საერთო სასამართლოები – 25 614 519 ლარი.
რაც შეეხება პრემიებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ შემთხვევაშიც ლიდერია 16 118 339 ლარით. პრემიების გაცემის რაოდენობით მეორე ადგილზე გასული უწყება, იუსტიციის სამინისტრო მას მკვეთრად ჩამორჩება. აქ 2024 წელს პრემიის სახით მხოლოდ 6 981 926 ლარი გაიცა.
“გაცემული პრემია/დანამატების სიდიდით გამოირჩევიან ისეთი უწყებები (სასამართლოები, ძალოვანი უწყებები), რომლებზეც არ ვრცელდება კანონით დადგენილი შეზღუდვები პრემია-დანამატებზე”, – აცხადებენ IDFI-ში.
ორგანიზაციამ გამოკვეთა ის უწყებები, სადაც 2024 წელს პრემიისა თუ დანამატის სახეთ ხელფასის საერთო ოდენობის 20%-ზე მეტი გაიცა. მათ შორისაა:
· უზენაესი სასამართლო – 35%;
· საერთო სასამართლოები – 35%;
· საკონსტიტუციო სასამართლო – 35%;
· პროკურატურა – 29%;
· სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური – 23%;
· სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური – 23%;
· სპეციალური საგამოძიებო სამსახური – 23%;
· სახელმწიფო აუდიტის სამსახური – 22%;
· ფინანსური მონიტორინგის სამსახური – 22%;
· შინაგან საქმეთა სამინისტრო – 22%.
ორგანიზაციის ინფორმაციით, პრემია/დანამატების ოდენობა საჯარო სამსახურებში 2028 წლიდან მუდმივად იზრდება. 7 წლის წინ, 2018 წელს, იმის უწყებებს პრემია/დანამატის სახით იმის ნახევარიც კი არ გაუციათ, რაც 2024 წელს გასცეს.
