შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გერმანიასთან მოლაპარაკებებისას ქართულმა მხარემ უარი განაცხადა ე.წ. ბალკანურ მოდელზე. 19 დეკემბერს საქართველოში გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ნენსი ფეზერის ვიზიტის შემდეგ გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაწერა, რომ მიგრაციის ხელშეკრულებებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურმა წარმომადგენელმა, იოაჰიმ შტამპმა საქართველოს მთავრობას ქართველი კადრების დასავლეთ ბალკანეთის მოდელით დასაქმება შესთავაზა, ხოლო “საქართველოს მთავრობისთვის ეს სრულებით უინტერესო იყო”. დასავლეთ ბალკანეთის მოდელი გერმანიაში ლეგალურად დასაქმების გამარტივებულ პროცედურებს გულისხმობს.
“გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოსა და გერმანულ მხარეს შორის დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკების პროცესი, მათ შორის შედგა შესაბამისი შეხვედრები და ვიზიტები, რის საფუძველზეც შემუშავდა შეთანხმების პროექტი, სადაც ე.წ. ბალკანური მოდელი არ წარმოადგენდა განხილვის საგანს” – აცხადებს შსს და ირწმუნება, რომ 2023 წლის 19 დეკემბერს ხელმოწერილი შეთანხმება წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს ევროინტეგრაციის გზაზე.
“მიგრაციისა და მობილობის შესახებ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის გაფორმებული შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ამასთანავე ქართველი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები. გარდა ზემოაღნიშნულისა, შეთანხმება ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის არსებული მექანიზმების გაძლიერებას.
შეთანხმება წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ჩარჩოს, რათა დამატებით შეიქმნას ექსპერტთა ჯგუფები, რომლებიც ზემოაღნიშნული სამი მიმართულებით შეიმუშავებენ შემდგომი თანამშრომლობის გეგმებსა და სტრატეგიებს. აღნიშნული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ქართული მხარე ადვოკატირებას გაუწევს საქართველოს მოქალაქეების შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით ყველა იმ ინიციატივას, რომელიც შედის საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესში.
შეთანხმების საფუძველზე გაფართოვდება საქართველოს მოქალაქეთა ლეგალური დასაქმების არეალი გერმანიის შრომის ბაზარზე. გარდა სეზონური სამუშაოებისა, დასაქმების მეტი შესაძლებლობები გაჩნდება სხვა სფეროებშიც, როგორიცაა მაგალითად ლოჯისტიკის, ტრანსპორტისა და მომსახურეობის სფერო.
შეთანხმება ასევე, ითვალისწინებს საქართველოს იმ მოქალაქეთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, რომლებმაც უკვე დატოვეს სამშობლო და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობენ. გარდა ამისა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება იგეგმება დასაქმებული სპეციალისტების გადამზადებისა და განათლების სისტემაში თანამშრომლობის გაძლიერებით. კონკრეტულად იგეგმება მაქსიმალურად ხელი შეეწყოს სტუდენტების, სტაჟიორებისა და მკვლევარების გაცვლით პროგრამებს.
მოცემული შეთანხმების ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საქართველოდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ცირკულარული მიგრაციისა და შრომითი ლეგალური მიგრაციის გაძლიერება, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით. საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით მოხდება სამუშაო ძალისა და კვალიფიციური მუშახელის მოწესრიგებული მიგრაციის ხელშეწყობა.
სამწუხაროდ, სხვადასხვა მედიასაშუალებაში ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ქართულმა მხარემ უარი განაცხადა ე.წ. ბალკანურ მოდელზე. აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს” – აცხადებს შსს.
შეგახსენებთ, 17 დეკემბერს, საქართველოში ვიზიტამდე ნენსი ფეზერმა აღნიშნა, რომ ამ შეთანხმებით უფრო გაძლიერდება ქვეყნებს შორის თანამშრომლობა არალეგალური მიგრაციის შესაზღუდად.
გერმანიის შსს-ს ინფორმაციით, ხელშეკრულება ორივე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მომავალში არალეგალური მიგრაციის მუდმივ შემცირებას ისახავს მიზნად. უწყების ინფორმაციით, ამ კუთხით საქართველოსთან ხელშეკრულების გაფორმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ 2023 წლის იანვრიდან ნოემბრამდე მათ შორის, ვისაც თავშესაფარზე უარი უთხრეს, 15.6% საქართველოდან და მოლდოვიდან იყო. მათივე ინფორმაციით, მსგავსი ხელშეკრულების დადებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს მოლდოვის რესპუბლიკასთან, კენიასთან, კოლუმბიასთან, უზბეკეთთან, ყირგიზეთთან და მაროკოსთანაც.
ამასთან, გერმანული უწყების ცნობით, ხელშეკრულებით გერმანიაში სეზონურად დასაქმების მსურველებისთვის ახალი პერსპექტივები იქმნება.
“გერმანიის შრომის ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობები სპეციალურად ფართოვდება, რათა ხელი შეუწყოს მესამე ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების არასტაბილური სამუშაო ურთიერთობებიდან გასვლას. ამ მიზნით საქართველოსთან შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების მონაწილეობით ორმხრივი ექსპერტთა ჯგუფი შეიქმნება”. – ნათქვამია გერმანიის შსს-ს განცხადებაში. აქვე მითითებულია, რომ ქვეყნებს შორის გაძლიერდება თანამშრომლობა საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების გაფართოებისთვისაც.
კანონმდებლების განმარტებით, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარება მიზნად ამ ქვეყნებიდან თავშესაფრის მაძიებელთა მზარდი რაოდენობის შემცირებას ისახავს. უსაფრთხო ქვეყნად კლასიფიცირება ნიშნავს, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეების აპლიკაციები თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ უფრო სწრაფად განიხილება, რაც შესაძლებელს გახდის დეპორტაციის პროცესის დაჩქარებას. უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის მთავარი კრიტერიუმი კი, პოლიტიკური დევნის საფრთხის არარსებობაა.
ამასთან, 17 დეკემბერს გამოქვეყნებული ინტერვიუს თანახმად, გერმანელი კანონმდებელი, იენს შპანი გამოვიდა ინიციატივით, რომ ყველა ახალი ლტოლვილი, “რომელიც ევროკავშირში არალეგალურად ხვდება”, გააგზავნონ განაში, რუანდაში, ან აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებში, რომლებიც ევროკავშირში არ შედიან – საქართველოსა და მოლდოვაში.
მესამე ქვეყანაში მიგრანტების გაგზავნის წინადადება გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) მიერ 11 დეკემბერს წარდგენილი ახალი პოლიტიკური პროგრამის პროექტში მიგრაციის კონცეფციის საფუძველია. შპანის განმარტებით, მიზანია მესამე ქვეყნებთან “შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ლტოლვილები გაივლიან თავშესაფრის მიღების პროცედურებს და შეეძლებათ იქ უსაფრთხოდ დარჩენა, თუ მათ დაცვას მიანიჭებენ”.
აღსანიშნავია, რომ გერმანია არაა ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, რომელიც არალეგალ მიგრანტებთან დაკავშირებით მსგავსი პოლიტიკის მომხრეა. 31 მაისს Politico წერდა, რომ დიდი ბრიტანეთი მოლდოველი მიგრანტების დაბრუნების ახალ სქემაზე კიშინიოვთან მოლაპარაკებებს იწყებდა. გამოცემის ინფორმაციითვე, სუნაკს უნდა გამოეცხადებინა საქართველოსთან მსგავსი შეთანხმების ძალაში შესვლასთან დაკავშირებითაც.
ამასთან, გაერთიანებულ სამეფოში აქტიურად მიმდინარეობს ე.წ. რუანდის კანონპროექტის განხილვაც, რომლის ძალაში შესვლის შემთხვევაშიც, ქვეყანაში არალეგალური გზით შესულ თავშესაფრის მაძიებლებს რუანდაში გაგზავნიან. კანონპროექტს 12 დეკემბერს პირველი მოსმენით პარლამენტმა მხარი უკვე დაუჭირა.
“ბრიტანელებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ მოვა ამ ქვეყანაში – არა კრიმინალურმა ბანდებმა ან უცხოურმა სასამართლოებმა. ეს არის ის, რასაც ეს კანონპროექტი მოგვცემს. ჩვენ ახლა ვიმუშავებთ, რომ ის კანონად ვაქციოთ, რათა რუანდისკენ ფრენები დაიწყოს და ნავების მოძრაობა შეჩერდეს”. – დაწერა პარლამენტში გამართულ კენჭისყრასთან დაკავშირებით გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა.