შსს-ს წარმომადგენელი მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე – თუ მხარე აპელირებს, რომ დაკავება განახორციელა არა იმ პირმა, რომელიც მითითებულია ოქმში, შეუძლია იდავოს, გაასაჩივროს

როდესაც შუამდგომლობას ვპასუხობდით და პოზიციას ვაჟღერებდით, ამოვდიოდით სრულად საპროცესო კანონმდებლობიდან და ვითხოვდით იმას, რომ დაიკითხონ მხოლოდ ის მოწმეები, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას იმ ფაქტთან დაკავშირებით, ქალბატონმა მზია ამაღლობელმა ჩაიდინა თუ არა სამართალდარღვევა , – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარიამ კერესელიძემ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
კერესელიძის თქმით, საზოგადოების მაღალი ინტერესი არ ცვლის იმას, რომ სასამართლო და მხარეები უნდა დარჩნენ პროცესუალური ნორმების ფარგლებში.
“მოწმე, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, არის პირი, რომელიც ფლობს ინფორმაციას დავის საგანთან დაკავშირებით, ანუ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით. სასამართლო იხილავდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს, რაც გულისხმობს იმის დადგენას, ჩაიდინა თუ არა პირმა სამართალდარღვევა. ადმინისტრაციული დაკავება, რასაც აპელირებენ მოწინააღმდეგე მხარეები და ის პირები, რომელთა დაკითხვასაც ითხოვდნენ, ინფორმაციას, მათი გადმოცემით, ფლობდნენ მხოლოდ ადმინისტრაციულ დაკავებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული დაკავება საჩივრდება დამოუკიდებლად და მათ უკვე წარდგენილი აქვთ საჩივარი ადმინისტრაციულ ორგანოში და ისიც შეიძლება დაექვემდებაროს სასამართლო პროცესს, როდესაც იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული, ამიტომ ჩვენ, როდესაც შუამდგომლობას ვპასუხობდით და პოზიციას ვაჟღერებდით, ამოვდიოდით სრულად საპროცესო კანონმდებლობიდან და ვითხოვდით იმას, რომ დაიკითხონ მხოლოდ ის მოწმეები, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას იმ ფაქტთან დაკავშირებით, ქალბატონმა მზია ამაღლობელმა ჩაიდინა თუ არა სამართალდარღვევა.
თუ, დავუშვათ, ადმინისტრაციული დაკავების შემსწრე პირი ამავე დროს არის სამართალდარღვევის შემსწრე პირიც, მაშინ მხარემ უნდა დაასაბუთოს აღნიშნული. ვინაიდან, მხარემ წარმოადგინა შუამდგომლობა, რომელიც არ იყო დასაბუთებული და პირდაპირ მიუთითებდა, რომ ეს პირები მხოლოდ ადმინისტრაციულ დაკავებას შეესწრნენ, ბუნებრივია, ჩვენი შეპირისპირებაც სწორედ ამ მიმართებით მოხდა.
საზოგადოების მაღალი ინტერესი არ ცვლის იმას, რომ სასამართლო და მხარეები უნდა დარჩნენ პროცესუალური ნორმების ფარგლებში.
რაც შეეხება დაკავების კანონიერებას – თუ, დავუშვათ, მხარე აპელირებს, რომ დაკავება განახორციელა არა იმ პირმა, რომელიც მითითებულია ოქმში, ამისთვის არსებობს შესაბამისი პროცედურები და შეუძლია, გამოიყენოს, იდავოს, გაასაჩივროს როგორც ადმინისტრაციულ ორგანოში, ასევე, სასამართლოში. შესაძლებელია, საზოგადოებას გააჩნდეს ინტერესი კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ ცვლის მხარეთა ვალდებულებას და სასამართლოს ვალდებულებას, რომ პროცესუალურ ნორმებს არ გასცდნენ.
დაკავება შეიძლება მოხდეს სამართალდარღვევის აღკვეთის დროს, ბუნებრივია, ამას ითვალისწინებს კანონმდებლობა, მაგრამ, როდესაც მხარე ამბობს, რომ დაკავების თაობაზე ფლობს ინფორმაციას მოწმე, მოსამართლესთან ჩნდება კითხვა, იხილავს თუ არა მოსამართლე ადმინისტრაციულ დაკავებას. ვინაიდან არ იხილავს, შესაბამისად, ამ მოწმის ჩვენება არ არის რელევანტური დავის საგანთან“, – განაცხადა მარიამ კერესელიძემ.