შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პარლამენტთან წუხელ ღამით განვითარებული მოვლენებისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს 32 თანამშრომელი დაშავდა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მათგან 13 პირს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. სამედიცინო დაწესებულებაში რჩება 1 სამართალდამცველი.
ამასთან, შსს-ის ინფორმაციით, აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დაკავებულია 43 პირი.
„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან განვითარებული მოვლენების შესახებ. აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 32 თანამშრომელი. დაშავებულების ნაწილს აღენიშნება მძიმე ხარისხის დაზიანებები თავის, თვალის და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში. მათგან 13 პირს ქირურგიული ჩარევა დაჭირდა. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება 1 სამართალდამცველი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები აქციის დაწყებისთანავე იყვნენ მობილიზებულები რუსთაველის გამზირზე და იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს.
აქციაზე მომხდარ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.