თბილისში 28-29 ნოემბერს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე 43 მოქალაქე დააკავეს.
ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია დღეს დილით გამოაქვეყნა. მათი ცნობით, ყველა პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, “აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად “, დაშავდა 32 სამართალდამცველი, რომელთაგან 13-ს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და ერთ-ერთი ამ დრომდე რჩება სამედიცინო დაწესებულებაში.
შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებითაც, რაც პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის განადგურებას, ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საშიში საშუალებით დაზიანებას გულისხმობს.
28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებენ.
კობახიძის ბრიფინგის შემდეგ მოქალაქეები ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში გამოვიდნენ. მოქალაქეები თავდაპირელად თვითდინებით შეიკრიბნენ “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან, შემდეგ კი გადმოინაცვლეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.
აქციები გაიმართა სხვა ქალაქებშიც – ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, გორში.
ამავე თემაზე:
· პრეზიდენტი ხალხს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს
· „თქვენო უწმინდესობავ, გთხოვთ, წინ აღუდგეთ სახელმწიფოებრიობის გაუქმებას“ – მთავარეპისკოპოსი ზენონი
· საგარეო უწყების 80 თანამშრომელი „ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნება