შსს-ს ცნობით, აქციის დარბევისას 63 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასულ ღამეს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 63 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ დღეს, 1-ელ მაისს გამართულ ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
დარახველიძე ირწმუნება, რომ აქციის მონაწილეები გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს გაცდნენ, პოლიციელებს აყენებდნენ შეურაცხყოფას და მათზე ძალადობდნენ.
დარახველიძის ცნობით, დაშავებულია 6 პოლიციელი, რაზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.
რაც შეეხება 63 დაკავებულს, როგორც შს მინისტრის მოადგილემ თქვა, ისინი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით, რაც გულისხმობს პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას.
„მიუხედავად პოლიციის მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებებისა, რომ არ მოეხდინათ ადმინისტრაციული შენობის ბლოკირება და პროტესტის გამოხატვა გაეგრძელებინათ კანონით დადგენილ ფარგლებში, აქციის ორგანიზატორები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველთა მითითებებს და განაგრძობდნენ შესასვლელების განზრახ ბლოკირებას. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, პოლიციამ უზრუნველყო პარლამენტის შენობის გამოსასვლელის გათავისუფლება და ადგილზე პოლიციის კორდონის განთავსება, რათა პარლამენტის წევრებსა და თანამშრომლებს უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონოდათ. პოლიციამ უზრუნველყო დეპუტატების უსაფრთხო გაყვანა,“ — განაცხადა დარახველიძემ. მისივე თქმით, პოლიციამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოიყენა ე.წ. წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი.
შს მინისტრის მოადგილემ ისაუბრა პარლამენტის დეპუტატსა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეზე, ლევან ხაბეიშვილზე, რომელსაც გასულ ღამეს სასტიკად გაუსწორდნენ.
„ხაბეიშვილი პოლიციელებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება,“ — თქვა შს მინისტრის მოადგილემ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, დაკავებულები საქართველოს მასშტაბით იზოლატორებში არიან გადაყვანილი.
„დაკავებულების იზოლატორებში შესახლების პროცედურები ახლაც მიმდინარეობს. 8 არასამთავრობო ორგანიზაციის ადვოკატები არიან ადგილზე. უკვე შესახლებულების უმრავლესობა ნახეს უკვე ადვოკატებმა. სხვებსაც მოვძებნით. არის ინფორმაცია, რომ თბილისში დაკავებულების ნაწილი გადაყვანილია რეგიონებში – გორში, ხაშურში, დუშეთში. ჩვენი ადვოკატები იქაც მივლენ და ნახავენ თქვენს ახლობლებს. ამ ეტაპზე ცხელ ხაზზე შემოსულია ინფორმაცია 54 დაკავებულის შესახებ. თუ არ დაგირეკავთ, შეგვეხმიანეთ ამ ნომერზე – 577 07 05 63. თუ უკვე დარეკილი გაქვთ, გთხოვთ, ეს ხაზი არ შეაყოვნოთ, რომ ახალი ინფორმაციის მიღება არ შეფერხდეს,“ — წერს ნონა ქურდოვანიძე პირად ფეისბუკგვერდზე.
30 აპრილის საღამოს და 1 მაისის გამთენიისას თბილისში სპეცრაზმმა ძალა გამოიყენა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც პარლამენტთან რუსულ კანონს აპროტესტებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ