შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციის მონაწილეებისთვის გაგზავნილი 5000 ლარიანი ქვითრები ფორმალურადაც უკანონოა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-1 მუხლის (შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა) განხილვისას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ამავე კოდექსის 252-მუხლის მე-2 ნაწილი უხეშად ირღვევა, კერძოდ: მუხლი 252 – ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის უფლებები და მოვალეობები 2. ამ კოდექსის 174−174-2 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის დასწრება სავალდებულოა. (!!!) უფრო მეტიც, თუ სამართალდამრღვევი თავს არიდებს შინაგან საქმეთა ორგანოს გამოძახებას, ის შეიძლება იძულებით იქნეს მიყვანილი – იმდენად მნიშვნელოვნად მიაჩნია კანონს საქმის განხილვისას პირის დასწრება. შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტრო ან ადგენს ყალბ ოქმებს, რომ აქციის მონაწილეები გამოიძახა და არ მივიდნენ (რაც შსს-ს დანაშაულს ნიშნავს) ან უხეში კანონდარღვევით აჯარიმებს აქციის მონაწილეებს, რაც ასევე დანაშაულია. აქციის მონაწილეების ისეთ დიდ რაოდენობას აჯარიმებს უსაფუძვლოდ შსს, რომ შეუძლებელია ყველა მიიწვიონ და მისვლის შემთხვევაში სრულფასოვანი განხილვა ჩაატარონ. ამიტომ, ასე დარღვევით და ღიად პოლიტიკური დავალების დანაშაულებრივად შესრულებისას, რა თქმა უნდა კანონს ვეღარ იცავენ. კანონდარღვევით შედგენილი დადგენილებები დაჯარიმების შესახებ ბათილია და უნდა გაუქმდეს.
