უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე, მათ შორის – თურქეთის, ეგვიპტის, აზერბაიჯანისა და იორდანიის მოქალაქეები.
“მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.
აღსანიშნავია, რომ ბათუმში კომპლექსურად ჩატარებული საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეთაგან 13 პირი სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის, მათ შორის მკვლელობის, არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და ნარკოდანაშაულისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარითა და თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი უწყების მიერ ეროვნულ დონეზე იძებნებოდა.
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ აღნიშნული პირების ესკორტირება “სარფის” სასაზღვრო გამშვებ პუნქტამდე განხორციელდა, სადაც დაკავებულები თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს გადაეცათ შემდგომი სამართლებრივი რეაგირებისთვის.
ამჟამად, დაკავებულ პირთა ნაწილი მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრშია გადაყვანილი. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.
მიგრაციის დეპარტამენტი სპეციალურ საიმიგრაციო კონტროლს რეგულარულად ახორციელებს, რათა უზრუნველყოს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ეფექტიანი აღსრულება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.




