შსს-ს ინფორმაციით, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი 12 პირი დააკავეს

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი დონდოლაძის განცხადებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თურქ კოლეგებთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი – 12 პირი დააკავეს.
მისივე თქმით, დაკავებული პირები თურქეთის პოლიციის მიერ საერთაშორისო დონეზე ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოცემული ინტერპოლის წითელი ცირკულარების საფუძველზე იძებნებოდნენ.
„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თურქ კოლეგებთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი – 12 პირი დააკავეს. ყველა მათგანი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა.
დაკავებული პირები თურქეთის პოლიციის მიერ საერთაშორისო დონეზე ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოცემული ინტერპოლის წითელი ცირკულარების საფუძველზე იძებნებოდნენ.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული 12 პირიდან 8 პირი საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მაშინ შემოვიდა, ვიდრე მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა, ხოლო 4 პირი საქართველოში შემოსულია უკანონოდ, რის საფუძველზეც მიმდინარეობს შესაბამისი სისხლის სამართლებრივი პროცედურები.
დაკავებულ პირთა შორის არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენაში ბრალდებული პირები, კერძოდ: დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის (მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობის), მკვლელობის მცდელობის, ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების შექმნისა და წევრობის, გამოძალვის, ქურდობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების, ნარკოტიკული დანაშაულის, დოკუმენტების გაყალბების, საინვესტიციო თაღლითობასა და მითვისების 178 ეპიზოდის ჩადენაში ბრალდებული ძებნილი პირები.
ამასთან, სამართალდამცველების მიერ ერთ-ერთი დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელსაც თურქეთის მოქალაქე უკანონოდ ინახავდა.
აღსანიშნავია, რომ ძებნილი პირების ადგილსამყოფელის დადგენისა და მათი დაკავების ოპერაციას წინ უძღოდა ხანგრძლივი ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები, რომელთა დაგეგმარებაშიც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ასევე, ჩართულნი იყო თურქეთის რესპუბლიკის ინტერპოლის ბიურო, თურქეთის ეროვნული პოლიციის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დანაყოფები და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის პოლიციისა და ჟანდარმერიის ატაშეები.
ამჟამად თორმეტივე დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
აქვე გვსურს, მადლობა გადავუხადოთ თურქ კოლეგებს, რომლებიც დღეს აქ, ჩვენთან ერთად იმყოფებიან. ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება გვაკავშირებს, რომლის ნათელი მაგალითია ერთობლივად ჩატარებული კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ განაგრძობს უკომპრომისო ბრძოლას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ რათა უზრუნველყოფილ იქნას ჩვენი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება“,- აღნიშნა ირაკლი დონდოლაძემ.