შსს-ს ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, 3 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, მიმდინარეობს 6 პირის ძებნა-შველის სამუშაოები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, 3 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. სტიქიის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.
მათივე განმარტებით, მიმდინარეობს 6 პირის საძიებო სამუშაოები.
„იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ჩამოწოლილია მეწყერი, რის შედეგადაც მიწის მასაში მოყოლილია 4 საცხოვრებელი სახლი. ადგილზე უკვე რამდენიმე საათია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში, მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 1 მოქალაქე, ნაპოვნია 3 ცხედარი, ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება 6 პირის მიმართ.
სტიქიის ზონაში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, რომელიც ხელმძღვანელობს მიმდინარე სამუშაოებს.
სტიქიის ადგილებზე იმყოფება 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ადგილობრივი ხელისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები, კინოლოგთა ჯგუფი და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ