შსს-ს განცხადებით, გერმანიასთან მიგრაციის თემაზე მოლაპარაკებებში „ბალკანური მოდელი“ არ განხილულა

გერმანიასა და საქართველოს შორის მიგრაციის თემაზე გამართულ მოლაპარაკებების შესახებ განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ის, სავარაუდოდ, ეხმაურება გერმანულ გამოცემის, Tagesschau-ს სტატიას, რომლის თანახმად, საქართველოსთვის უინტერესო აღმოჩნდა, გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალური წარმომადგენლის, იოაჰიმ შტამპი შეთავაზება, რომელიც დასავლეთ „ბალკანურ მოდელს“ ითვალისწინებდა.
„სამწუხაროდ, სხვადასხვა მედიასაშუალებაში ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ქართულმა მხარემ უარი განაცხადა ე.წ. „ბალკანურ მოდელზე“. აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს.
გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოსა და გერმანულ მხარეს შორის დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკების პროცესი, მათ შორის შედგა შესაბამისი შეხვედრები და ვიზიტები, რის საფუძველზეც შემუშავდა ზემოაღნიშნული შეთანხმების პროექტი, სადაც ე.წ. ბალკანური მოდელი არ წარმოადგენდა განხილვის საგანს“, – ვკითხულობთ 21 დეკემბერს გამოქვეყნებულ -ს განცხადებაში.
შსს-მ უფრო დეტალურად განმარტა „მიგრაციისა და მობილობის შესახებ” საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის 19 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმება. განცხადებაში გამოყოფილია სამი ძირითადი მიმართულება:
· შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერება;
· ქართველი სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები;
· არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის არსებული მექანიზმების გაძლიერება.
შსს აღნიშნავს, რომ შეთანხმება მოიცავს ექსპერტთა ჯგუფების შექმნასაც.
„შეთანხმება წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ჩარჩოს, რათა დამატებით შეიქმნას ექსპერტთა ჯგუფები, რომლებიც ზემოაღნიშნული სამი მიმართულებით შეიმუშავებენ შემდგომი თანამშრომლობის გეგმებსა და სტრატეგიებს. აღნიშნული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ქართული მხარე ადვოკატირებას გაუწევს საქართველოს მოქალაქეების შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით ყველა იმ ინიციატივას, რომელიც შედის საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესში.
შეთანხმების საფუძველზე გაფართოვდება საქართველოს მოქალაქეთა ლეგალური დასაქმების არეალი გერმანიის შრომის ბაზარზე. გარდა სეზონური სამუშაოებისა, დასაქმების მეტი შესაძლებლობები გაჩნდება სხვა სფეროებშიც, როგორიცაა მაგალითად ლოჯისტიკის, ტრანსპორტისა და მომსახურების სფერო“, – ნათქვამია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ხელს შეუწყობენ სამუშაო ძალისა და კვალიფიციური მუშახელის მოწესრიგებულ მიგრაციას.
„შეთანხმება ასევე, ითვალისწინებს საქართველოს იმ მოქალაქეთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, რომლებმაც უკვე დატოვეს სამშობლო და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობენ. გარდა ამისა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება იგეგმება დასაქმებული სპეციალისტების გადამზადებისა და განათლების სისტემაში თანამშრომლობის გაძლიერებით. კონკრეტულად იგეგმება მაქსიმალურად ხელი შეეწყოს სტუდენტების, სტაჟიორებისა და მკვლევრების გაცვლით პროგრამებს.
მოცემული შეთანხმების ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საქართველოდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ცირკულარული მიგრაციისა და შრომითი ლეგალური მიგრაციის გაძლიერება, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით. საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით მოხდება სამუშაო ძალისა და კვალიფიციური მუშახელის მოწესრიგებული მიგრაციის ხელშეწყობა“, – ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.
„დასავლეთ ბალკანური მოდელი“
Tagesschau-ს წერს, რომ გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნით წარდგენილი განაცხადების 15% საქართველოსა და მოლდოვაზე მოდის. საქართველოდან დაახლოებით 8000 ადამიანს შეაქვს განაცხადი და მიუხედავად იმისა, რომ მათი 99% უარყოფით პასუხს იღებს, ეს პროცედურა ბიუროკრატიის გადატვირთვას იწვევს. ამ პრობლემის აღმოფხვრა კი ტვირთს შეუმსუბუქებს გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალურ ოფისს (BAMF).
თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით 2023 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე გერმანიაში შეტანილი განაცხადების სტატისტიკა (წყარო: BAMF) ასეთია:
· 84 739 – სირია
· 46,237 – თურქეთი
· 45 955 – ავღანეთი
· 10 477 – ერაყი
· 8 947 – ირანი
· 8 513 – საქართველო
· 7 629 – ს ფედერაცია
· 4 766 – სომალი
· 3 711 -ერიტრეა
როგორც გერმანული გამოცემა აღნიშნავს, საქართველოსთან დაკავშირებით გერმანიას ორი მიზანი ჰქონდა. 1. უფრო ნაკლებმა ქართველმა მოითხოვოს გერმანიაში თავშესაფარი, რადგან ისინი, როგორც წესი, არ იღებენ მას და პროცედურები ტვირთავს გერმანულ ბიუროკრატიას; 2. სამაგიეროდ, ქართველები უნდა გადავიდნენ ემიგრაციაში ჩვეულებრივ შრომის ბაზარზე, რადგან გერმანიას აკლია კვალიფიციური მუშახელი.
გამოცემის ცნობით, საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკების დროს იოაჰიმ შტამპის პირველი შეთავაზება იყო „დასავლეთ ბალკანეთის რეგულაციის“ გაფართოება, რაც გაუადვილებდა ქართველებს გერმანიის შრომის ბაზარზე წვდომას. გერმანია ამას გონივრულ ნაბიჯად მიიჩნევდა, მაგრამ საქართველოსთვის „ეს იდეა უინტერესო აღმოჩნდა“ – „ქვეყანა უკვე განიცდის ტვინების გადინებას“.
გერმანიაში „დასავლეთ ბალკანეთის რეგულაცია“ (WBR), 2016 წელს შემოიღეს. ის არ ეხება ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ საერთაშორისო დაცვა. თუმცა მოდელი თავშესაფრის სისტემის გარეთ, საარსებო წყაროს გახსნის შესაძლებლობას იძლევა. ეს რეგულაცია ხსნის გერმანიის შრომის ბაზარს და მნიშვნელობა ენიჭება გერმანული ენის ცოდნის დონეს.
მთავარი პირობა არის, რომ ადამიანებს აქვთ გერმანიაში სამუშაოს გარანტირებული შეთავაზება. გერმანელმა დამსაქმებლებმა კი უნდა აჩვენონ, რომ ისინი ვერ პოულობენ შესაბამის მუშახელს ადგილობრივ ბაზარზე.
არსებობს მოსაზრება, რომ ეს მოდელი გამოიყენონ დასავლეთ ბალკანეთის ფარგლებს გარეთაც.
21 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე პარტია „ევროპული საქართველოს” წევრებმა თენგო კირთაძემ და ბესიკ დონაძემ ბრიფინგზე მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაადასტუროს ან უარყოს ეს ინფორმაცია [გერმანიის ფედერაციამ ქართულ მხარეს საქართველოს მოქალაქეებისთვის დასავლეთ ბალკანეთის მოდელის მსგავსად, გამარტივებული პროცედურებით გერმანიის სამუშაო ბაზრის გახსნა შესთავაზა, თუმცა ინფორმაციაშივე აღნიშნული იყო, რომ ქართულმა მხარემ ინტერესი არ გამოიჩინა] და დადასტურების შემთხვევაში ახსნას, თუ რატომ შეუშალა ხელი საქართველოს მოქალაქეების მიგრაციას გერმანიაში ლეგალურსა და მაღალანაზღაურებად სამსახურებში დასასაქმებლად. უნდა ახსნან, რომელ ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება“, – განაცხადა თენგო კირთაძემ
გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა ნენსი ფეზერმა საქართველოში ვიზიტის დროს, 19 დეკემბერს ქართველ კოლეგასთან, ვახტანგ გომელაურთან გააფორმა „მიგრაციისა და მობილობის შესახებ“ სამთავრობო შეთანხმება.
„ჩატარდება საინფორმაციო კამპანია, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რა დაბალი შანსებია გერმანიაში თავშესაფრის მოსაპოვებლად, თუმცა გაგრძელდება სპეციალისტებისა და მუშახელის მიზიდვის პროცესი. გავაგრძელებთ ცირკულარულ მიგრაციას და ვიზრუნებთ იმაზე, რომ დასაქმების უკეთესი შესაძლებლობები გაჩნდეს გერმანულ ბაზარზე“, – თქვა ფეზერმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე.