შსს სოლოლაკის ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს სოლოლაკში, ამაღლების ქუჩაზე მომხდარ ფაქტზე და ამბობს, რომ „ინციდენტში მონაწილე ყველა პირის მიმართ გატარდება კანონით განსაზღვრული ღონისძიებები“.
-ს ცნობით, მოპედის მძღოლი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, რა დროსაც იქვე გამვლელი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, 1993 წელს დაბადებული გ.კ. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებს მიუახლოვდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„სამართალდამცველებმა აღნიშნულ ფაქტზე მოახდინეს რეაგირება და ავტომობილის მძღოლს კანონის შესაბამისად, გონივრული ეჭვის საფუძველზე, ალკოტესტზე/ნარკოტესტზე შემოწმების გავლა მოსთხოვეს, რაზეც აღნიშნულმა პირმა განაცხადა უარი და პოლიციის მიმართ კიდევ უფრო აგრესიული გახდა“, — ნათქვამია განცხადებაში.
გ.კ. ადგილზე დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
„ასევე, მსუბუქი ავტომობილის მძღოლის გ.კ.-ს დაკავებისას, ამავე ავტომობილის მგზავრმა, სამართალდამცველს სახის არეში ფიზიკური დაზიანება მიაყენა. ინციდენტის შემსწრე ერთ-ერთი გამვლელი პირი კი, სამართალდამცველებისთვის შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების პროცესში ხელის შეშლას შეეცადა, რა დროსაც გახდა შეუძლოდ. სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელდება ინციდენტის ბოლო ეპიზოდის ამსახველი მასალა, რაც არ ასახავს ინციდენტის სრულ სურათს, აქედან გამომდინარე მოვუწოდებთ დაინტერესებულ პირებს თავი შეიკავონ სამართალდამცველების მიზანმიმართული დისკრედიტაციისგან“, — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ პოლიცია ცდილობდა დაეკავებინა მოქალაქე, რომელიც მძღოლს გამოესარჩლა. დაკავების მომენტში, მოქალაქე ცუდად გახდა.
თვითმხილველის თქმით, პოლიციის ეკიპაჟს მანქანამ გზა არ დაუთმო და დაპირისპირება სწორედ ამის გამო დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ